მსოფლიო ბანკი „ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის შემოდგომის გამოცემის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული პროგნოზებიც არის მოცემული.
მსოფლიო ბანკის ცნობით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს.
„საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 6 პროცენტით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რვა პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს ოთხ პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, – აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით.
„მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
