LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაფუთი მასალების საწარმოში 5 მლნ ღირებულების გადაიარაღება განხორციელდა

887

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შპს „შარავანდის“ საწარმო გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო.

საწარმოში 115 ადამიანია დასაქმებული.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროგრამის დახმარებით, კომპანიის წარმოებას, რამდენიმე ათეული პროდუქტი დაემატა.

უახლესი ტექნოლოგიებით ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოების პროცესს დღეს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო.

„ეს არის ლიდერი კომპანია შესაფუთი მასალების ბაზარზე. 5 მილიონი ლარის ღირებულების გადაიარაღების პროექტია აქ განხორციელებული და 115 ადამიანია დასაქმებული კომპანიაში. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით რამდენიმე ათეული სახეობის პროდუქტი დაემატა კომპანიის წარმოებას, რამაც მისცა მას შესაძლებლობა, ჩაენაცვლებინა მნიშვნელოვნად იმპორტი და შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. როგორც ხედავთ, კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აქ ნაწარმოები მაღალი ხარისხის პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა,  ბაზარზე საუკეთესო სახით წარდგეს ქართული წარმოება“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც საწარმოს კომერციულმა დირექტორმა, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიამ დამატებითი მანქანა-დანადგარები, კერძოდ ალუმინის სახურავების, მუყაოს ლამინირებული ყუთის, ქაღალდის პაკეტის და ფლექსოგრაფიული საბეჭდი ფირფიტის საწარმოებელი დანადგარები შეიძინა და დღეს წარმატებით უწევს კონკურენცია სეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების მწარმოებელ იმპორტიორ კომპანიებს.

მისივე განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმა პროდუქციის რეალიზაციის ასორტიმენტის გაზრდაა, რისთვისაც ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს დამატებითი მშენებლობები. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს,  როგორებიც არიან „იფქლი“, „ფარმადეპო“, „კარფური“, „გუდვილი“, „პსპ“ და „ბარამბო.“  „შარავანდის“ პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იყიდება.

magti 5g