საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები „ლელოს“ და ენმ-ის პარტიებიდან დღეს თბილისის მერიასთან მივიდნენ. ისინი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მათ მერთან შეხვედრა და მისთვის კითხვების დასმა სურდათ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, საკრებულოს წევრებს თბილისის მთავრობის სხდომაზე დასასწრებად არანაირი ნებართვა არ სჭირდებათ, რადგან ეს უფლება კანონით აქვთ:
„კითხვა ეხება სხვა ტრაგედიების თავიდან აცილებას. „გრინსერვიუს პლუსს“ დედაქალაქში ათობით პროექტი აქვს შესრულებული, მათ შორის, მიმდინარე პროექტები და კაცმა არ იცის, სად, რა უბედურება ტრიალებს და სად, რა კაბელი აქვს ჩადებული ან სად, რა ძაბვა გადადის და გადმოდის. ამიტომ, კითხვები ძალიან ბევრია. კახი კალაძე არ უნდა გაექცეს ამ კითხვებს, რადგანაც ამაზე პასუხი ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებთ. ხვალ რომ შვილს გაუშვებენ სკვერში და სხვა საჯარო სივრცეში არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო,თორემ კახა კალაძე გადადგება თუ არ გადადგება ეს მეასეხარისხოვანია უკვე, რადგან გუშინდელი „პოსტის“ მერე რაც ვნახეთ ყველამ კარგად გავიგეთ, რომ ეს ადამიანი მორალისგან ბოლომდე დაცლილია“, – განაცხადა მერიასთან ირაკლი ნადირაძემ.
მოგვიანებით დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი სხდომაზე არ დაუშვეს.
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის თქმით, თბილისის მერმა კანონი დაარღვია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა:
„საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში კალაძე გრძნობს. ის ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ დაემალოს იმ კითხვებს, რომელიც თბილისელებს აქვთ, ასევე შეშინებულ მშობლებს, რომლებიც კალაძის მიერ რეაბილიტირებულ სკვერებში ატარებენ შვილებს. ის კარგად აჩვენებს საკუთარ სახეს, მორიგ ჯერზე არღვევენ კანონს, როდესაც არ მოგვცა საშუალება, სხდომას დავსწრებოდით და კითხვები დაგვესვა, ყველანაირი ექსცესების გარეშე, აბსოლუტურად მშვიდად, საქმიან რეჟიმში დაგვესვა კითხვები, რომელიც გუშინდელი შს სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ, კიდევ უფრო მეტია.
საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონის თანხლებით დაემალნენ – ამითაც კანონი დაარღვიეს. ასევე დაარღვია კანონი, როდესაც უარი განაცხადა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე და კითხვებზე პასუხის გაცემაზე. ეს ამ კაცის სახეს აჩვენებს, ის თავს გრძნობს კომფორტულად შეშინებულ, ტრავმირებულ ბავშვთან ერთად, როცა ფოტოსესიაში აღებინებს მას მონაწილეობას და ამითაც აჩვენებს მის სრულ დეგრადაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ სულში აფურთხებს, როდესაც ასეთ პიარ-აქციებს აორგანიზებს, მაგრამ იქ, სადაც არსებობს რეალური კითხვების დასმის შესაძლებლობა, საშუალებას არ იძლევა, უბრალოდ ეშინია და შეშინებული მერი დიდხანს და სრულყოფილად ვერ გააგრძელებს თანამდებობაზე მუშაობას“, – განაცხადა ბუაძემ.
თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო