ნიუ-იორკში, სტივენ სონდჰეიმის თეატრში, საკულტო მიუზიკლების კომპოზიტორ, ჯონ კანდერის 98-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საღამოს სტუმრისა და პერფორმერის სტატუსით, არაერთი ვარსკვლავი დაესწრო.
მათ შორის იყო ჯენიფერ ლოპესიც, რომელმაც სრულად ატმისფერი ლუქი მოირგო და სცენაზეც წარდგა.
მან 90-იანი წლების გახმაურებული მიუზიკლის – Kiss of the Spider Woman ერთ-ერთი საუნდტრეკი იმღერა.
ლოპესის პერფორმანსი კანდერის საპატივცემულოდ გამართული შოუს ნაწილი იყო, ვინაიდან მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველის სასცენო ნაწარმოების მუსიკა, სწორედ ლეგენდარულ კომპოზიტორს ეკუთვნის. 10 ოქტომბერს კი, ეკრანებზე მიუზიკლის მხატვრული ადაპტაცია გამოჩნდება, რომელშიც მთავარ როლს, ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.
ცნობისთვის, კინოსურათში – ,,ქალი-ობობას კოცნა” მოვლენები 1981 წელს, არგენტინის ციხეში, ბინძური ომის დროს ვითარდება და ორი თანამესაკნის შესახებ მოგვითხრობს.









