LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლია თუ არა მერაბიშვილს მათი ამოცნობა, ვინც საკნიდან გაიყვანა – მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს კითხავენ

114
merabishvili

მატროვოვის ციხეში ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ყოფილი პრემიერმინისტრს პროკურატურის გამომძიებლები ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით კითხავენ.

მისივე ცნობით, მერაბიშვილი არა როგორც დაზარალებული, არამედ როგორც მოწმე იკითხება. შესაბამისად, მათ დღევანდელი გამოკითხვიდან კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ აქვთ.

“უკვე გაცხადებულია მათი პოზიცია, უკვე ვიცით, რომ ისინი არაფერს გააკეთებენ. ვიმეორებ, ეს გამოკითხვა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ მინისტრთა კომიტეტში, ივნისის დასაწყისში წარადგინონ რაღაც დოკუმენტები, თითქოს მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს ამ გამოძიების ფარგლებში.

ჩვენ მოვითხოვეთ ვანო მერაბიშვილის დაზარალებულად ცნობა და დაზარალებულად დაკითხვა, მაგრამ პროკურატურა კითხავს მას, როგორც მოწმეს. ეს არის მესამე დაკითხვა. წინა ორ დაკითხვაში მითითებული გვაქვს ადამიანები სახელებით და გვარებით, თუ ვინ ახორციელებდა იძულებას. მითითებული გვაქვს ისიც, რომ ამოცნობა შეუძლია იმ ადამიანების, ვინც კონკრეტულად მოკიდა ხელი და გაიყვანა, მაგრამ დღემდე ეს ამოცნობა არ ჩატარებულა და ალბათ, არც ჩაატარებენ, მაგრამ ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. ბუნებრივია, ხელისუფლება საკუთარ თავს არ დაიჭერს.

ვიმეორებ, სახელი და გვარები გვაქვს ადამიანების მითითებული, მაშინდელი ციხის უფროსის, მისი მოადგილის. მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და ვინც მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია”, – აცხადებს ჩივიაშვილი.

მისივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მერაბიშვილს კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია.

“ის, რომ ვიღაცის ამოცნობა, ან დასახელება არ შეგვიძლია, სრული ტყუილია. მარშუტზე, რომელიც ამ ადგილიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტამდე გაიარეს, უამრავი ვიდეოკამერაა. თითქოს, მათ ეს კამერები დაათვალიერეს და ოქმში დააფიქსირეს, რომ საინტერესო ვერაფერი ნახეს. რას ნიშნავს საინტერესო ვერაფერი ნახეს? არ გაიარა შავი ფერის ჯიპმა? დროის ზუსტ მონაკვეთს ვუთითებთ, წუთებით და წამებით. იმ მომენტისთვის მერაბიშვილი მხატვრულ ფილმს ერთ-ერთ არხზე უყურებდა, მიუთითა, რა მომენტში შევიდა ციხის დირექტორი და უთხრა, რომ გასულიყო. მიუთითა, როცა დაბრუნდა, რა ადგილას იყო აღნიშნული ფილმის სიუჟეტი. ძალიან ადვილად გამოსაძიებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს ამ საქმის გამოძიებას,” – განაცხადა ჩივიაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმის გამომძიებლის თამუნა ვახანიას განცხადებით კი, მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც მერაბიშვილის განმარტებით, ის საკნიდან გაიყვანეს.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოიკითხება მერაბიშვილი, რათა დადგინდეს შეუძლია თუ არა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც, მისი განმარტებით, მოახდინეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაყვანა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილმა უკვე ორჯერ მისცა მსგავსი ჩვენება. კერძოდ, 2014 წელს, ანუ 5 წლის წინ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა.

ასევე, მეორედ, 2016 წელს იგი მოწმის სახით გამოიკითხა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ამოცნობის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ვინაიდან ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები, ასევე გვარეობითი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების დასახელება, რომელიც მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია დასახელდეს, რათა შემდეგში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა. დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მიზნით ტარდება გამოკითხვა, ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირებას და შემდეგში გახდება თუ არა შესაძლებელი ამოცნობის ჩატარება,” – განაცხადა ვახანიამ.