LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეურაცხყოფილები, დაბნეულები იყვნენ… მეტი ყურადღება მივაქციოთ შვილებს“ – რას ჰყვებიან მოზარდები პანდემიისას

196
BeFunky-collage (57)

პოსტკოვიდური გართულებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირისპირ – ამ საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საქართველოს ფსიქოსოციალური დამხარების ასოციაციის „ნდობა“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აღაპიშვილმა ისაუბრა.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც რეგულაციების გამო მოსახლეობა სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ადამიანების ცხოვრება ძალიან შეიცვალა და უსუსურობისა და გაუგებრობის განცდა გამოიწვია.

ნანა აღაპიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემნილ ცხელ ხაზზე ისაუბრა, რომელმაც პანდემიის პერიოდში დამხარება გაუწია იმ ადამიანებს, ვისაც უხილავ მტერთან ბრძოლაში ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.

„შეურაცხყოფილები, დაბნეულები იყვნენ, არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ. მკაცრი შეზღუდვები იწვევდა დიდ უსუსურობასა და გაუგებრობას, რაღაც ციხეში ჯდომის განცდა ეუფლებოდათ ადამიანებს და ჰქონდათ რაღაც საშინელების მოლოდინი“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

მისივე თქმით, ცხელ ხაზზე რეკავენ კოვიდგადატანილებიც, რომელთაც განკურნების მიუხედავად, ძალიან ბევრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა რჩებათ.

„ჩვენი მონაცემებით, უპირველეს ადგილას დავაყენებდი – შფოთვას. იმიტომ, რომ მათ კოვიდი აღარ აქვთ, გადაიტანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს უნდა გაუმჯობესდეს, არ უმჯობესდება და აქვთ მოლოდინი, რომ რაღაც ცუდი დაემართებათ ფიზიკური სისუსტე, რასაც მათ კოვიდი უტოვებს, უჩენთ განცდას, რომ შეიძლება არ არიან გამოჯანმრთელებულები, შეიძლება მათი ჯანმრთელობა ძალიან დაირღვა.

შფოთვა ემოციურად ძალიან რთული გადასატანია ადამიანებისთვის და ამისთვის მოგვმართავენ. გარდა შფოთვისა, ერთ-ერთი წამყვანი საკითხია, დეპრესია და მარტოობის განცდა, რომლის გამოც გვირეკავენ.

გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ ყურადღების და კონცენტრაციის დარღვევის პრობლემები. ერღვევათ მეხსიერება და უკვირთ – გადავიტანე კოვიდი და ახლა ამ მდგომარეობაში ვარ? რა მეშველება? ანუ აქვთ კოგნიტიური პროცესების გართულებაც.

პანდემია შეეხო ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ ნაწილს, აღვნიშნე მარტოობა და დეპრესია ანუ დაგვერღვა ურთიერთობები და აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ის მოდელი, რომლითაც ვურთიერთობთ (ნათესავებთან მისვლა-მოსვლა, შეხვედრები) სრულიად დაირღვა. ეს ძალიან უჩვეულოა და ცუდად მოქმედებს ადამიანებზე“, – აცხადებს ნანა აღაპიშვილი.

ფსიქოლოგმა მოზარდებში არსებულ პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი ჩამოერთვათ.

„სკოლაში იშვიათად დადის, ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, მეგობრებთან ვერ დადის და აქაც წამოვიდა, მათი გაპასიურება, მოდუნება, მთელი დღე საწოლს არიან მიჯაჭვულები, ელექტრონულ ტექნიკას. ვირტუალურად კი ურთიერთობენ, მაგრამ არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობა და ამბობენ, რომ მე მეგობრები აღარ მყავს, აღარ მაქვს სურვილი და ვერც ვიძენ ახალ მეგობრებს.

მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, კომუნიკაცია, ამ დროს ყალიბდება საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ამ ასაკში, რასაც ეგოს იდენტიფიკაციის ასაკს ვეძახი, ძალიან მნიშვნელოვანია რას მეუბნებიან, როგორ მიყურებენ ჩემი თანატოლები, როგორ ვუერთდები მათ, რას ვლაპარაკობ, რას ვკითხულობ, რას ვუზიარებ, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენები შევიქმნათ. ეს სფერო მოშლილია.

არიან პასიურები, ინტერესდაკარგულები. ზოგიერთს მომავლის ხედვაც კი აღარ აქვს“, – განაცხადა ნანა აღაპიშვილმა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ძალიან კარგი იქნება არსებობდეს შესაბამისი სერვისები, სადაც ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, მივიდნენ, თუმცა ასევე, ამბობს, რომ პრობლემის აღმოფხვრის გზა შესაძლოა, ისევ ახლობლების წრეში მოინახოს.

„გამოსავალი ისევ ახლობლების წრეში შეიძლება მოიძებნოს. თუ ვისაუბრებთ მოზარდებსა და ბავშვებზე, გამოუძებნონ სხვა საქმიანობა, სხვა ინტერესები, ქუჩაში, პარკებში ბევრი ასეირნონ, იმისთვის, რომ მათ მინიმალურად მაინც მიეცეთ ეს კომუნიკაცია. უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმონ.

ისიც პრობლემა გახდა, რომ როდესაც სამსახურმა გადმოინაცვლა სახლებში, მშობლებმა დრო დაუთმონ შვილებს, რომლებიც გვერდით ჰყავდათ, მაგრამ საერთოდ არ რჩებოდათ დრო. ისედაც, ზოგადად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მშობლებს არ რჩებათ დრო, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ ხოლმე შვილებს. მეტი ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს“,- განაცხადა ნანა აღაპიშვილმა “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “კვირის თემა”.

 

magti 5g