შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება – აღნიშნული მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება.
ხელმომწერების განცხადებით, მათ არ სურთ გადამხდელების ფულით საქართველოს საპატრიარქო დაფინანსდეს.
“შეწყდეს ჩვენი გადახდილი გადასახადებით საპატრიარქოს დაფინანსება.
2021 წლის 5 ივლისს მომხდარ მასობრივ ძალადობას, რომელიც საპატრიარქოს ხელშეწყობით გაიმართა ტრაგიკული დასასრული აქვს, დაშავებულია 50-ზე მეტი ჟურნალისტი და გარდაცვლილია ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
ცნობილია, რომ საპატრიარქო ბიუჯეტიდან ფინანსდება 25 მილიონით, ასევე ფლობს რამდენიმე ათეულ ბიზნესს, რომლებიც გათავისუფლებულები არიან სხვადასხვა გადასახადისგან. აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს რადიკალურად განწყობილ მის მრევლს, რომლებიც სახიფათოები არიან ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის.
ჩვენ, ხელისმომწერები, მოვითხოვთ, შეწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით,” – აღნიშნულია განცხადებაში.