24 დეკემბრიდან – 22 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. თუმცა მათი თქმით, ინფიცირებიის დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი.
ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით.
დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა სავაჭრო ობიექტებში, რომელიც კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში გაიხსნება. მთავრობამ მათ დამატებითი რეგულაციებიც დაუწესა.
ამ გადაწყვეტილებას ბიზნეს სექტორში კრიტიკულად აფასებენ.
„სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ელოშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რაც მისი თქმით სავაჭრო ქსელის მართვის პროცესს ართულებს.
„ჩვენი მოლოდინი და სურვილი იყო მუშაობა 15 დეკემბრიდან აღგვედგინა. ამ შემთხვევაში, უფრო სწორად მოხდებოდა ტრაფიკის გენერირება და მართვა. 15-დან გახსნა არ მოხდა და ამას ემატება ისიც, რომ სამუშაო საათების შეზღუდვით ვიხსნებით. რათქმაუნდა ეს მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ეს მართვის პროცესს ართულებს, მაგრამ სახელმწიფოს განაჩენი ასეთია და ჩვენც მზადყოფნაში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი“, – განაცხადა სოფო ელოშვილმა.
ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციების მცირე ხნით შემსუბუქება ბიზნეს სექტორს არაფერს მისცემს.
„ეს მომხმარებლების დაკმაყოფილება უფროა, ვიდრე ბიზნესის ხელშეწყობა. ეს ერთი კვირა ბიზნესისთვის შეღავათი არ იქნება. სხვა წინადადება არ გვაქვს, უნდა მივყვეთ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს, იძულებულები ვართ დავეთანხმოთ. ასეთი მოცემულობაა, სამწუხაროდ მსოფლიო ასე ხვდება ახალ წელს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ვნახოთ როგორ იმუშავებს ვაქცინა მსოფლიოში“,-განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ბიზნესზე წინასაახალოდ შეზღუდვების მცირე დროით შემსუბუქება ეკონომიკისთვის არასტანდარტული და საზიანოა. ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას.
„როგორც ეკონომისტმა, შემიძლია გითხრათ რომ ეს არის მტკივნეული, საზიანო ეკონომიკისთვის. არასრულფასოვანი პირობებია, თუმცა აქ აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ მხედველობაში ჯანდაცვის ელემენტი, რომელიც ფაქტობრივად უფრო დომინანტურიც კი არის ვიდრე ეკონომიკური ასპექტი, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ყველაზე ეფექტიანი კომბინაციაა ჯანდაცვის და ეკონომიკის გახსნის კუთხით.
ამ სიტუაციაში ბიზნესს დიდი არჩევანი არ აქვს. სახელმწიფო და ბიზნესმა ერთობლივად კომუნიკაციით უნდა მოახერხონ ის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ბიზნესს. იქ დასაქმებულ ადამიანებს. შესაბამისად სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება ბანკთან შუამდგომლობით, გადასახადების გადავადებით თუ გარკვეული სუბსიდიების მიცემით“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში მოქმედი გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები იხსნება. თუმცა, კვლავ შეზღუდული იქნება როგორ საზოგადოებრივი, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. არ გაიხსნება ასევე ბაზრობები. რაც შეეხება ახალი წლის და შობის ღამეს ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.