LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიმშილობას ვიწყებ, სანამ პოლიციელების პასუხისმგებლობა არ დადგება” – 26 წლის ბიჭი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

174
29

პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი ადამიანი ადანაშაულებს.

ლაგოდეხის მაცხოვრებელი, 26 წლის ტატო შეითნიშვილი ლაგოდეხის პოლიციას სამმართველოს თანამშრომლების დასჯას ითხოვს. ახალგაზრდის განმარტებით, ადგილობრივმა პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს უფლებამოსილებას გადააჭარბა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტატო შეითნიშვილის თქმით, შემთხვევაში მონაწილე ყველა სამართალდამცველი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება.

დაზარალებული პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს. მან ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდარზე ისაუბრა.

“მედავებოდნენ ვითომ არ დავემორჩილე, მაგრამ სინამდვილეში გაჩერებულ მანქანაში შემომიცვივდნენ და მცემეს. საბუთები არ მოუთხოვიათ, პირდაპირ აგრესიით მოვიდნენ.

დღემდე ეს ადამიანები ისევ პოლიციაში მუშაობენ, როგორც ჩანს, გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ვერ არის, თავი მტკივა, თვალი მაწუხებს. რაც ექსპერტიზაზე იმ მომენტში ვერ გამოჩნდა, ახლა ამტკივდა. დღეიდან შიმშილობას ვიწყებ, სანამ პოლიციელების პასუხისმგებლობა არ დადგება, მხოლოდ წყალს დავლევ”, – აცხადებს შეითნიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ტატო შეითნიშვილის ინტერესებს იცავს. ორგანიზაცია საქმის დროულ გამოძიებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმაც დაიწყო.

შეგახსენებთ, ტატო შეითნიშვილი სამართალადმცველებმა 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

magti 5g