LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადი 120 წლის დაძველებით – ჯარისკაცებისთვის დამზადებული ტკბილეული პოეტ ბანჯო პატერსონის პირად ნივთებში აღმოჩნდა

215
1

ავსტრალიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი პოეტის, ანდრია ბარტონ (ბანჯო) პატერსონის პირადი ნივთები შეიძინა. მრავალ საინტერესო წერილსა და ნივთს შორის ერთი გამორჩეული კოლოფი იპოვეს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, შოკოლადი აღმოჩნდა – “120-წლიანი დაძველებით”.

პოეტის დღიურების კრებულსა და გაზეთის ფურცლებს შორის აღმოჩენილი კოლოფი მცირედ არის დაზიანებული და მასში მოთავსებული შოკოლადიც კარგად არის შემონახული.

როგორც მკვლევარები ამბობენ, შოკოლადი დედოფალ ვიქტორიას უკავშირდება.

ბურების ომის დროს, დედოფალი ვიქტორია ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის ტკბილეულს გზავნიდა. დედოფლის დაკვეთით, მეომრების გასამხნევებლად, შოკოლადს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ და შეფუთვებს სხვადასხვა ტექსტით აფორმებდნენ, მათ შორის იყო “სამხრეთ აფრიკა, 1900” და “გილოცავთ ახალ წელს”.

პოეტი პატერსონი ასევე იყო ჟურნალისტი, რომელიც ბურების ომის მიმდინარეობისას, სამხრეთ აფრიკაში, ომის კორესპონდენტად მუშაობდა. მკვლევარების ვარაუდით, პოეტს ჯარისკაცებმა სწორედ აქ გადასცეს შოკოლადი.

დედოფალ ვიქტორიას ბრძანებით, ბუკინგემის სასახლე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შოკოლადის მომზადებასა და შეფუთვას. ის უნდა ყოფილიყო ტკბილი და გამძლე, შესაბამისად, კოლოფსაც, რომელშიც შოკოლადი ინახებოდა, უნდა გაეძლო პირობებისთვის, რომელიც ბრძოლის ველზე, ბანაკში იყო.

 

 

 

ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი შოკოლადები, მისი კოლოფის გაფორმების და სხვადასხვა წარწერის გამო, კოლექციონერების სამიზნედაც იქცა. პატერსონმა შოკოლადი, სავარაუდოდ, ბრიტანელი ჯარისკაცებისგან შეიძინა 1899 წელს, როდესაც იგი სიდნეის კორესპონდენტად მუშაობდა.

ავსტრალიელი პოეტისა და ჟურნალისტის პირადი ნივთების მოცულობითი კოლექცია და ახლა უკვე 120 წლის შოკოლადიც, მნახველს ავსტრალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დახვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g