LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოკოლადის ჩირის ასორტი სასაჩუქრე შეფუთვით – ”ჩიკორი” ასორტიმენტს ზრდის

1148

ბაზარზე ჩირის ახალი სახეობა გამოჩნდება- ”ჩიკორის” ბრენდის ქვეშ სასაჩუქრე შეფუთვით, შოკოლადის ჩირის ასორტი გაიყიდება. ქარელის ჩირის მწარმოებელმა „ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ” ახალ პროდუქტზე მუშაობა უკვე დაასრულა და შოკოლადის ასორტი სარეალიზაციო ქსელში 2-3 დღეში გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თამარ რაზმაძემ განუცხადა, ახალი პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალურია. დამზადებული შავი, დიეტური შოკოლადითა და ლეღვის, ქლიავისა და კურაგას ჩირებით.

”ვაგრძელებთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. სულ მალე ჩვენი მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს აბსოლუტურად ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე წარმოებული ჩირის ახალი ასორტი. პროდუქცია როგორც დიდ სავაჭრო ქსელებში, ასევე მცირე ზომის მარკეტებში გაიყიდება”, – აღნიშნა რაზმაძემ.

მისივე ინფორმაციით, „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია” საექსპორტოდაც ემზადება. ქარელის ჩირი დუბაიში სურსათის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

”გამოფენაზე დავამყარეთ ახალი კონტაქტები, 4-5 მომწოდებელი დაინტერესებულია ჩვენი ჩირებით. ერთ-ერთი მათგანი საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენი წარმოების გაცნობას გეგმავს. ასე რომ, უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული ”ჩიკორი” ექსპორტზე გავიდეს”, – განმარტა კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

ამასთან, როგორც თამარ რაზმაძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ „ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ”  ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი მოიპოვა.

”ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა, ვინაიდან მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მომხმარებელს სანდო, უვნებელ და მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაწვდით. ამასთან, ეს პროდუქტი აბსოლუტურად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს”, – განუცხადა ”ფორტუნას” თამარ რაზმაძემ.

ცნობისთვის, ”ქარელის ჩირის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.

magti 5g