შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ფეისბუქზე ხალხს ატყუებდა, მათი საბანკო მონაცემებით კი მათ ფულს ეუფლებოდა.
უწყების ცნობით, დაზარალებულია 14 ადამიანი, რომლებმაც ჯამში 3930 ლარი დაკარგეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა”, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.