შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP” ამოიღეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა PVP”.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.