შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 კილო და 119 გრამ ჰეროინს შეიცავს, ასევე, 1,1935 გრამი მეტამფეტამინი.
შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.