LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე 16 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

51
დტ

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ კანონდარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის
სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კერძოდ:

  • სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე N30 საარჩევნო უბანთან
    მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
  • ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
  • რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში მდებარე N50 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
  • სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
  • მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.
  • ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
  • კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
  • ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.
  • სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.

უწყების ცნობით, პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში 1 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g