LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შტადლერის” შემოსვლა საქართველოს საექსპორტო პოტენციალს გაზრდის

75

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „შტადლერის“ საქართველოში შემოსვლა, რეგიონში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იქნება ქარხანა, რომელიც იმუშავებს მატარებლების წარმოებასა და შეკეთებაზე და რომელშიც იქნება მეტროს მომსახურების ტექნიკაც.

„ყველას ძალიან უნდა გვიხაროდეს ერთი რამ, მიუხედავად სკეპტიკური შეკითხვებისა, ნაბეღლავში კიდევ ერთმა ძალიან მსხვილმა შვეიცარიულმა კომპანიამ გახსნა წარმოება. ეს ყველაფერი სწორედ ასე იწყებოდა, მემორანდუმების ხელმოწერით და შემდგომ ნელ-ნელა მივიდა კონკრეტულ წარმოებამდე. ზუსტად ასე ვდგამთ პირველ ნაბიჯებს კომპანია „შტადლერთან“. ეს კომპანია არის ხარისხის უმაღლესი მაჩვენებელი თავის სექტორში. ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში იყოს ქარხანა, რომელიც აწარმოებს მატარებლებს და იმუშავებს მათ შეკეთებაზე. ჩვენთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საექსპერტო პოტენციალს, რომელიც გვექნება რეგიონში. ამ ქარხანაში იქნება მეტროს მომსახურების ტექნიკაც. ასევე, მნიშვნელოვანია ლოკალიზაციის პროცენტი, რაც ბუნებრივია, პირველ ეტაპზე ვერ იქნება მაღალი, მაგრამ ნელ-ნელა მივაღწევთ, რომ ეს დონეც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა გახარიამ. 

„შტადლერის“ შემოსვლაზე კომენტარი გააკეთა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემაც.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოშია. არამარტო მისი პროდუქტი – მაღალი ხარისხის შვეიცარიული მატარებლები ივლიან საქართველოში, არამედ ის განახორციელებს ინვესტიციებს. ის შემოდის ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, მენეჯმენტით. რაც მთავარია შემოდის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ბრენდი, რომლის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა“, – აღნიშნა გუნცაძემ.

ცნობისთვის, შვეიცარული კომპანია “შტიდლერი“ საქართველოში საწარმოს მშენებლობას სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყებს, – ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა პიტერ შპულერიმ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს აქვს ინტერესი მათი კომპანიის პროდუქციის შესყიდვის და ადგილზე ახალი პროდუქციის შექმნის.

“ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელშიც აღნიშნულია თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ საქართველოს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე სარკინიგზო ტექნიკა მიეწოდოს, ეს ითვალისწინებს მეტროს ვაგონებს, საძილე ვაგონებს და ორსართულიან ვაგონებს. ძალიან სწრაფად გადავალთ იმ ნაბიჯზე, რომ საქართველოში შევქმნათ სააქციო საზოგადოება და საწარმო“, – განაცხადა შპულერიმ.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, პიტერ შპულერი ამბობს, რომ ზუსტი რიცხვის დასახელება უჭირს, თუმცა სავარაუდოდ, 30-35 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები