LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუქნიშნებზე ყვითელი ნათურა კვლავ გააქტიურდება

133

თბილისში, ყველა შუქნიშანზე ყვითელი ფერი კვლავ გააქტიურდება. როგორც რადიო „ფორტუნასთან“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მუმლაძემ განაცხადა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ შუქნიშანზე, წითელი ფერიდან პირდაპირ მწვანე ფერზე გადასვლა, ტრანსპორტის გადაადგილებაში გარკვეულ შეფერხებას იწვევდა, შეფერხების მინიმუმამდე შესამცირებლად კი უახლოეს დღეებში ყვითელი ფერი კვლავ აქტიური გახდება. ასევე, დამუშავების პროცესშია პროექტი 26 მაისის მოედანზე ხუთზოლიანი მოძრაობის დასადგენად, რაც მანქანების ნაკადის გამტარიანობას გაზრდის.

რაც შეეხება სააკაძის მოედანზე, საცობების განტვირთვის მიზნით შუქნიშნების დამონტაჟებას და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას, როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, პროექტმა გაამართლა. სატესტო რეჟიმში პროექტზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კუნძულები მთავარ ფუნქციას – უსაფრთხოების უზრუნველყოფას მაქსიმუმამდე ზრდის, მათი დამონტაჟების შემდეგ ავარიები სააკაძის მოედანზე ფაქტიურად არ ფიქსირდება, საცობი კი დღის განმავლობაში, შესაძლოა მხოლოდ 30-40 წუთით შეიქმნას.რადგან საცობების განტვირთვა მხოლოდ კონკრეტულად სააკაძის მოედნის მოწყობით ვერ მოხერხდება და მას სხვა ბევრი საკვანძო ქუჩა უკავშირდება, მუდმივად მიმდინარეობს შუქნიშნების ინტერვალის ანათვლები, შესაბამისად, საჭიროების მიხედვით, მუდმივად ხდება შუქნიშნების კორექტირება.

მუდმივად მწვანედ იქნება განათებული ერთი შუქნიშანი, რომელიც ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის გავლით, შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავ ზოლს არეგულირებს – ეს კორექტივაც ბოლო მონიტორინგის შედეგად გადაწყდა. პეკინიდან ბახტრიონის ქუჩაზე შესახვევთან დამონტაჟებული შუქნიშანი ჯერ ციმციმზეა, კეთდება ანათვლები, რომ საბოლოოდ განისაზღვროს ნაკადის აქტივობა და აღნიშნული შუქნიშანი ჩაირთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g