გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს (SDC) მანუელ ზაგერს, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბერლინგერს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ ხელმძღვანელს ოლივიე ბურკს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფომაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების, ასევე, დარგის განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.
ნოდარ კერესელიძემ მანუელ ზაგერს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხი. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ შვეიცარიასთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმას. ნოდარ კერესელიძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება და სწავლება არის ნებისმიერი დარგის განვითარების წინაპირობა, რასაც აგრარულ სფეროში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
„მრავალი წელია შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ ვაფასებთ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას“,- აღნიშნა მანუელ ზაგერმა.