ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეები საზოგადოებას ხშირად უზიარებენ ინფორმაციას საკუთარი ყოფის, ცხოვრებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც საკუთარი სამშობლოსგან მოცილებით, ყოველდღიურობაში ხვდებიან.
საკუთარ ემოციებსა და განცდებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს ცნობილი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია, საკუთარი ქვეყნისგან შორს, გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. თაკო ამბობს, რომ 7 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ერთი წუთიც კი, საქართველოზე რომ არ ეფიქროს:
„მეშვიდე წელია, გერმანიაში ვცხოვრობ, მაგრამ ამ შვიდი წლის განმავლობაში ფიქრები არ შემცვლია, წუთი არ არის საქართველოზე არ ვფიქრობდე…
მუდამ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს და განსაკუთრებით, როცა სიტუაცია დაიძაბება, ვნატრობ, ნეტავ, ახლა ჩემს ქვეყანაში ვიყო-მეთქი… სოლიდური ასაკის შემდეგ საქართველოში მინდა ყოფნა, სიბერე აუცილებლად ჩემს სამშობლოში უნდა გავატარო! მიუხედავად გერმანიის ასეთი პირობებისა, ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში დავბერდე…
ჩემი შვილის – მათეს სიტყვებს დავეთანხმები, რომ აქ თავს სტუმრად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტაბილური გარემო გვაქვს შექმნილი და ამ მომენტისთვის ვერაფერზე დავიწუწუნებ… ადრე საფრანგეთში ერთ ქართველს შევხვდი და დღემდე მისი სიტყვები გამომყვა… ჩვენ აქ არაფერი გვიჭირს, მაგრამ აქ ერთ ქართველს ვერ ნახავ, ვისაც საქართველოში დაბრუნება არ უნდოდესო… მართლაც ასეა! ჩემს ირგვლივაც ყველა ქართველი ასე ამბობს…
მე კონკრეტული მიზეზი მაქვს, თუ რის გამოც ვარ დღეს გერმანიაში, არიან ადამიანები, რომლებიც ცუდ ეკონომიკურ პირობებს გამოექცნენ, ზოგი სასწავლებლად არის, მაგრამ დაბრუნება ყველას გვინდა… უბრალოდ, ხშირად ისმის, კი დავბრუნდებით, მაგრამ ამ წუთს იქ რა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთო…
ვისაც პატარა შვილები ჰყავს დატოვებული, აქედან პირობებს უქმნიან, მაგრამ რომ ჩამოვიდნენ, შეიძლება მალევე მშიერ ბავშვს სახლში ვეღარაფერი მიუტანონ. ამიტომაც ცდილობენ, ბევრი მუშაობით რაღაც გარკვეული დოვლათი შექმნან, შემდეგ რომ თავიანთ ქვეყანაში იცხოვრონ და სიბერეში აქაური სტაბილური მდგომარეობა თუნდაც დაკარგონ…
ჩემი შვილები რომ წამოიზრდებიან, სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, მერე უკვე თავისუფალი ვიქნები. ჩემი ვალი იმ მხრივ მოხდილი მექნება, რომ რაღაც ეტაპამდე მივედით და აქ მერე ისედაც ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ამიტომაც, მე ჩემი სიბერე საქართველოში წარმომიდგენია.
ქართველები ასეთები ვართ, სხვის აყვავებულ ქვეყანაში ყოფნას, ჩვენს სამშობლოში ყოფნა გვირჩევნია, სადაც არ უნდა ვიყოთ!“ – ამბობს თიკო ნატროშვილი „კვირის პალიტრასთან.
ინტერვიუს სრულად იხილავთ აქ