ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. ეს პოზიცია პარტიების ლიდერებმა დღეს, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
ახლა, უკვე ოფიციალურად, მაშინ, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სესია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ მემორანდუმს სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, 31 დეკემბრის არჩევნების შედეგად არჩეული ოპოზიციური პარტიების დეპუტატები უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და არ შედიან ახალი მოწვევის პარლამენტში, რადგან ეს შემადგენლობა არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. პარტიები მიმართავენ საარჩევნო კომისიას, რომ გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები.
ერთობლივ განცხადებებს ხელი მოაწერეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის არის “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებლი”, “ლეიბორისტული პარტია” და “ლელო საქართველოსთვის”.
სიების განულების მოთხოვნით, პოლიტიკურმა ლიდერებმა საარჩევნო კომისის შენობასთან გადაინაცვლეს.
“ევროპულმა საქართველომ” დავით ბაქრაძის ხელმოწერით წარადგინა სიის ჩახსნის დოკუმენტი.
ამავე მოთხოვნით ცესკო-ში განცხადება შეაქვს “ლეიბორისტულ” პარტიასაც.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ასევე წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აუქმებს პროპორციულ სიას. პარტიის წევრების თქმით, როდესაც ცესკო დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ისინი მიმართავენ პარლამენტს, რათა მათი უფლებამოსილება შეწყდეს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მოთხოვნით მიმართვის კონკრეტული ვადა არ არსებობს. პარტიების უმრავლესობა დღეს არეგისტრირებს გადაწყვეტილებას სიის ჩახსნის შესახებ, თუმცა იმ პარტიებს, რომლებიც დღეს ვერ ასწრებენ, ხვალ და შემდგომ დღეებშიც შეუძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ორი ფორმალობა – სიის ჩახსნა და უკვე მოგვიანებით, განცხადებების დაწერა საბოლოოდ გააფორმებს ერთპარტიულ პარლამენტს.