უკონტროლო ნარკოტიკების გამსაღებელთა ბაზარი, პრობლემური მოხმარება, გაუმართავი სამკურნალო მომსახურება და მომაკვდინებელი ნივთიერებები, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება – ეს იმ მცირე საკითხების ჩამონათვალია, რაც არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგად ქვეყანას კვლავ მძიმე რეალობად უდგას.
ყოველ შემთხვევაში, ასეთია როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება, ისე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების შეფასება.
სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქუჩის ნარკოტიკების ბაზარზე, მომაკვდინებელი სუბსტანცია – ფენტალინი გაჩნდა, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღმოჩნდა, რომ ბოლო 5 დღეში ნაცადი კლუბური ნარკოტიკები, კერძოდ კი MDMA-ის ყველა ნიმუში სინთეზურ ნივთიერებას – ფენტალინს შეიცავდა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის, [გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა] უმეტეს შემთხვევაში, სასიკვდილოა. სათემო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ნივთიერების ზედოზირებით უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური კი ისაა, რომ ფენტალინი, როგორც მინარევი და არა ცალკეული ნივთიერება, შერეულია კლუბურ ნარკოტიკებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ პოტენციური მომხმარებლისთვის შესაძლო სასიკვდილო შედეგების თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.
რა არის მომაკვდინებელი ნივთიერება – ფენტალინი
ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასის“ სამედიცინო დირექტორის, ექიმ ნარკოლოგის, თათა ასათიანის განმარტებით, ფენტალინი ძლიერი სინთეზური, ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ პოტენციური ოპოიოიდია, რომელიც 1968 წელს შეიმუშავეს და დღეს ის გამოიყენება როგორც ძლიერი ანალგეტიკი ხანმოკლე ოპერაციებსა და პოსტოპერაციულ პერიოდში.
როგორც ექიმმა გვითხრა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიძლიერე, რადგან ეს ნივთიერება მორფინის ჰიდროქლორიდზე 100-ჯერ უფრო და ჰეროინზე 50-60-ჯერ უფრო ძლიერია.
თათა ასათიანის თქმით, ქუჩის ფენტალინით დაბინძურებული ნარკოტიკები სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია, რადგან მისი თერაპიული დერეფანი ძალიან ვიწროა.
„რას ნიშნავს თერაპიული დერეფანი – ეს არის განსხვავება ეიფორიის გამომწვევ დოზასა და ზედოზირებით გამომწვევ დოზას შორის.
ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც ოპიოიდების მიმართ ტოლერანტობა გააჩნია და მოიხმარს ნარევს, რომელიც ფენტალინს შეიცავს, ოპიოიდური ზედოზირების რისკი გაცილებით მეტია.
საუბარი აღარ გვაქვს იმ შემთხვევაზე, როცა ადამიანი ამა თუ იმ ნარევს, როგორც სხვა ჯგუფის ნარკოტიკს ისე მოიხმარს, მაგალითად სტიმულატორს და მასში ფენტალინი აღმოჩნდება, ამ შემთხვევაში, ის პრაქტიკულად სიკვდილისთვისაა განწირული თუ სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ არ იქნა გაწეული“, – განუცხადა „ფორტუნას“ თათა ასათიანმა.
ექიმ ნარკოლოგს ვკითხეთ, რა განსხვავებაა ეიფორიის გამომწვევ და ზედოზირებით გამომწვევ დოზებს შორის, რაზედაც მათ გვიპასუხა, რომ ეს პრაქტიკულად ძალიან მცირეა. იმდენად მცირე, რომ ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანისთვის, რომელსაც ოპიოიდების მიმართ ჩამოყალიბებული ტოლერანტობა აქვს, დოზის განსაზღვრა ქუჩის ფენტალინთან, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
ასათიანის თქმით, ქუჩის ფენტალინი გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე დავუშვათ ჰეროინი, მეთადონი და ა.შ. ამდენად, ქუჩის გამსაღებლების მიერ მინარევების შერევით [ნივთიერების] გაბევრება და გაძლიერება ხდება, რა დროსაც იმ სიკვდილიანობის რისკების გათვალისწინება, რაც შეიძლება ამ მინარევების მოხმარებამ გამოიწვიოს, საერთოდ უგულებელყოფილია.
„ფენტალინი ოპიოიდური ზედოზირების ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ოპიოიდია, იმდენად, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის – 2017 წელს, აშშ-ში, ოპიოიდური ზედოზირების პანდემია გამოაცხადეს, რაც ზუსტად ქუჩის ფენტალინს უკავშირდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიტუაციად გამოაცხადა.
რა ტიპის სიმპტომები აქვს ფენტალინით ზედოზირებას და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს მისი შესაძლო მოხმარების შემთხვევაში
როგორც ექიმმა ნარკოლოგმა აგვიხსნა, ამ დროს ადამიანს აქვს ძილიანობა, ვითარდება გუგების შევიწროება, მომხმარებელს აღენიშნება შენელებული პულსი, არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის დათრგუნვა, საბოლოო ჯამში კი, ცნობიერების დათრგუნვა და კომატოზური მდგომარეობა.
„პირველ რიგში, თუ ადამიანი ხედავს, რომ მის გვერდით მყოფმა ესა თუ ის ნარკოტიკი მოიხმარა, რის შემდეგაც მიდრეკილია ძილიანობისკენ და თანდათანობით აღენიშნება სუნთქვის დათრგუნვა, კანის შეფერილობის ცვლილება [დამახასიათებელია მოლურჯო კანი] და ა.შ, ამ ადამიანის მარტო დატოვება არაფრით არ შეიძლება.
მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირება, იმისთვის, რომ მომხმარებელს კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდეს; მანამდე კი არ უნდა დააძინოთ, საჭიროა მაქსიმალურად ცივი წყლის შესხურება და გამოფხიზლება.
თუ არის ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ოპიოიდური ზედოზირების მართვის ყველაზე ეფექტური პრეპარატი ნალოქსონია [ე.წ ნარკანი], რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ასევე, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიიდან ამოღებული უნდა იყოს.
თუ მომხმარებლის თანმხლები პირისთვის ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია, ხდება 1-2 მლ-ის კუნთში შეყვანა და თუ ეს რეალურად ოპიოიდური ზედოზირებაა, იწყება ამ სიმპტომატიკის ალაგება – სუნთქვის აღდგენა და პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ნალოქსონის ნახევრად დაშლის პერიოდი არ არის ხანგრძლივი.
ეს დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება, ხოლო როცა ადამიანს აქვს არა ფენტალინის, არამედ სხვა კიდევ უფრო ხანგრძლივი მოქმედების ნარკოტიკებით, ოპიოიდებით [დავუშვათ მეთადონი] ზედოზირება, ნალოქსონის მოხმარებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, არის რისკი იმისა, რომ ოპიოიდური ზედოზირებით გამოწვეული სიმპტომატიკა კვლავ განუვითარდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია 24 საათიან დინამიკაში დაკვირვება“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას თათა ასათიანმა.
პრევენციული მექანიზმები და არსებული ნარკოპოლიტიკა
ექიმ ნარკოლოგს ასევე ვკითხეთ, როგორ აფასებს სახელმწიფო მიდგომებსა და არსებულ ნარკოპოლიტიკას, რაც დღევანდელი მოცემულობით კვლავ მძიმე პრობლემაა.
თათა ასათიანი მიიჩნევს, რომ დღეს, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა, რაკიღა, ყველა მიმართულებით, იქნება ეს პრევენციული მექანიზმები, თუ სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამები, ჩავარდნილია.
„პირველ რიგში, მოწოდების შემცირებაზე არ ვისაუბრებ, რადგან მე ვარ ექიმი და კლინიცისტი, ამაზე უფრო მოკლედ, სხვა სპეციალისტებს შეუძლიათ ისაუბრონ. ვისაუბრებ პრევენციაზე, ანუ ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა, მოზარდებმა ნარკოტიკის მოხმარება არ დაიწყონ, რაც საქართველოში ეფექტურად ნამდვილად არ მუშაობს.
უნდა ჩამოყალიბდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სხვა ქვეყნების გამოცდილებით შექმნილი პრევენციული სისტემა. პრევენციული სისტემა ეფექტს ხვალ და ზეგ არ მოგვცემს, მაგრამ ნამდვილად მოგვცემს გარკვეული დროის შემდეგ, როცა ადამიანებს ნარკოტიკისა და მისი რისკების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ეცოდინებათ, რის შემდეგაც ისინი თავად გადაწყვეტენ, მოიხმარონ თუ არა“, – გვითხრა ექიმმა.
ასათიანის თქმით, ასეთ შემთხვევაში ნარკოტიკების ბრმად მოხმარება არ მოხდება, რაც ყოველთვის გართულებასთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა გაუმართლებელია და ეს ყველა ქვეყანაში გამოჩნდა. ექიმი ფიქრობს, რომ მომხმარებლების დასჯა და მისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, გამოსავალი არ არის.
სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები
„ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და სერვისების ხელმისაწვდომობა, რაშიც სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისები იგულისხმება“, – გვითხრა ასათიანმა და დასძინა, რომ თუ ადამიანი დამოკიდებულია, მან უნდა იცოდეს, სად შეიძლება მივიდეს და ჩაიტაროს მკურნალობა შემდგომი რეაბილიტაციით.
ხოლო, თუ დამოკიდებული არ არის და მხოლოდ ეპიზოდური მოხმარებაზეა საუბარი, აუცილებელია ადამიანმა იცოდეს, სად მიიღოს კვალიფიციური ინფორმაცია, რასაც ხშირად ინტერნეტში იღებენ და სადაც ნარკოტიკების ცრუ რეკლამირება მიმდინარეობს.
„ასეთი სერვისები დღეს ნამდვილად არ არის საკმარისი – ძალიან დიდია ხელმისაწვდომობა, ასევე დიდია მოთხოვნა, თუმცა ამასთან შედარებით, ძალიან მწირია სერვისები.
როგორც აღვნიშნეთ, პრევენცია, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ მუშაობს, არის ფრაგმენტული და პატარ-პატარა კამპანიების სახით, ხოლო რაც შეეხება სამკურნალო სერვისებს, ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის – ის ნარკოლოგიური საწოლების რაოდენობაც კი რაც საქართველოშია, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად, ქვეყანას სჭირდება.
რეაბილიტაციის ცენტრებს რაც შეეხება, არის რამდენიმე ამბულატორიული ცენტრი, დაახლოებით 3 რეზიდენტული ცენტრი, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და მოკლედ რომ ვთქვათ, მათი მოცვა დიდი არ გახლავთ. ასე რომ ყველა კომპონენტში ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს – პრევენცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია.“– უთხრა „ფორტუნას“ თათა ასათიანმა.
რას ფიქრობენ დარგის სპეციალისტები და სათემო ორგანიზაციები
„ფორტუნა“ აღნიშნულ თემაზე შეფასების მოსასმენად საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელს, ლაშა აბესაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან ფენტალინის განსაზღვრებაზე, ქუჩის ნარკობაზარზე მიმდინარე სურათსა და არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა:
ლაშა აბესაძის ინფორმაციით, ფენტალინი კუსტარული ოპიატია, რომლის წარმოებაც საკმაოდ იაფი ჯდება. მისი თქმით, რიგ ქვეყნებში ამ ნივთიერებამ ქუჩის ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ჰეროინის ბაზარი მთლიანად ჩაანაცვლა, რადგან ძალიან იაფია და ეფექტის მისაღწევად ძალიან ცოტა დოზაა საჭირო.
„პრობლემა რაში მდგომარეობს – ძალიან მალე იწვევს დამოკიდებულებას. ჩვენს შემთხვევაში, პირდაპირ ასე ფენტალინის შეძენა და მოხმარება არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მსგავსი შემთხვევა არ გვსმენია.
სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ნარკოტიკები შევამოწმოთ, თუ რა შემადგენლობას შეიცავს, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ რაც ოპიატებს ეხება, ჩვენთან ქუჩის ნარკოტიკების მიწოდება, შეძენა თუ გამოწერა, ძირითადად, დაბალი ხარისხის ჰეროინსა და მეთადონს უკავშირდება, სხვა დანარჩენი კი არის სტიმულატორები.
პრობლემა ისაა, რომ აქაც შეიძლება იყოს ფენტალინის კვალი, რადგან ძალიან ბევრი ზედოზირება მოხდა, უბრალოდ ამ ადამიანების უმეტესობას, ოპიოიდების მიმართ ტოლერანტობა აქვთ და გარკვეული შემცველობა შესაძლოა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
ჩვენი ინფორმაციით, ასეთ დროს ნალოქსონს მოიხმარენ იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდნენ, ხოლო როცა გარდაცვალება ხდება, ეს ძირითად შემთხვევაში მაშინაა, როცა ადამიანი ამა თუ იმ ნივთიერებას მარტო მოიხმარდა.
როგორც უკვე გითხარით, ფენტალინი შესაძლოა სტიმულატორებშიც, იგივე კლუბურ ნარკოტიკებშიც იყოს, რაც გაცილებით უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც სტიმულატორს ყიდულობს, სულ სხვა ეფექტს ელოდება:
ოპიატების მიმართ შემწყნარებლობა საერთოდ არ აქვთ და როცა ამ ეფექტს პირდაპირ ეჯახება, მისი ორგანიზმი ამას ვერ უძლებს და სამწუხაროდ, ლეტალურადაც სრულდება ხოლმე“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლაშა აბესაძემ და დასძინა, რომ კარგი იქნება თუ ადამიანებს ორ ზედოზირებას შორის განსხვავება ეცოდინებათ.
„მნიშვნელოვანია, რომ სტიმულატორების დროს, ნალოქსონის გამოყენება რეკომენდებულიც არ არის. ძალიან იშვიათად ხდება, როცა შეიძლება ადამიანი სტიმულატორის მიღების შემდეგ წაიქცეს, ტუჩები გაულურჯდეს და ა.შ. როცა ეს ხდება, ე.ი ძირითადად ოპიოიდური ზედოზირებაა.
სამწუხაროდ, ფენტალინის შემთხვევაში, ეფექტის მისაღწევად ძალიან მცირე დოზაა საჭირო, ამიტომ ამის გაკონტროლება შეუძლებელია. თანაც ფენტალინი პირდაპირ ასე ცალკე აღებული არ იყიდება, შესაძლოა სხვა ნივთიერებაში იყოს შერეული.
როცა ოპიატებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, თუ ჰეროინის შემთხვევაში, დოზის აწევა მომხმარებლებში ჩვეულებრივი ამბავია, ფენტალინის შემთხვევაში, იმდენად ძლიერი ეფექტი აქვს, რომ დოზის გაზრდა არ შეიძლება.
მით უმეტეს, როცა ამას კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელი იღებს – წარმოიდგინეთ, რომ სულ სხვა რამეს ელოდებიან და ეფექტი აბსოლუტურად სხვაა.
ეს ორი განსხვავებული რამაა – სტიმულატორის მომხმარებელს საერთოდ არ სურს მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა, ძილისკენ მიდრეკილება და ა.შ. ისინი ამას უფრო მეტი აქტიურობისთვის, გართობისთვის მოიხმარენ, საერთოდ სხვა განზომილებაში არიან.“– აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა.
რა შეიცვალა ან არ შეიცვალა უკანასკნელ წლებში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით
„სამწუხაროდ, ამაზე კვლავ ბანალური პასუხი უნდა გაგცეთ, რადგან ეს ნამდვილად ასეა. თავისთავად, ეს ის პროცესია, რომელიც ასე მარტივად არ ხდება, ამას სჭირდება წლები იმისთვის, რომ ადამიანებმა რაღაც საკითხებს, თუნდაც პრობლემას, სწორად შეხედონ, რა თქმა უნდა, მთავარი ამოსავალი წერტილი აქედანაა“, – გვითხრა ლაშა აბესაძემ და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა:
„რაც შეეხება ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით, დაახლოებით 1 კვირის წინ, დამიკავშირდა მთავრობის წარმომადგენელი და ვფიქრობთ, რომ ახლა ისეთი რაღაცები ხდება, სადაც ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
საუბარია დოზების ცოტა კიდევ უფრო მომატებაზე, როცა უკვე ეს დოზა სადამსჯელო ხასიათის აღარ იქნება, რადგან რაც ახლა დოზებია და რითაც ახლა მომხმარებელმა შეიძლება ქუჩაში იაროს, ეს ისეთი დოზებია, რომელიც წესით, მას თან არ უნდა ჰქონდეს.
ყოველ შემთხვევაში საჭიროებისთვის ვერ ექნება, ეს შეიძლება იყოს ფურცელზე ან დავუშვათ ცელოფანზე არსებული ნარჩენი, რომელიც მოხმარებისთვის საინტერესო არ არის.
როგორც ვიცი, ახლა მზადდება პაკეტი, ცდილობენ ეს დოზები ასწიონ, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ სანამ მომხმარებელ ადამიანებს საშიშებად მიიჩნევენ და ასე ყურებას არ შეეშვებიან, მანამ არაფერი შეიცვლება.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: კონტროლირებად შავ ბაზარზე კი არა, კონტროლირებად თეთრ ბაზარზე რომ ვისაუბროთ, მაგალითად, ჩანაცვლებით თერაპიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი სეგმენტისთვის, უფრო კონკრეტულად კი, ოპიატების მომხმარებლებისთვის, იქაც კი სერვისის მეთოდების პრობლემაა.
რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რაც ხდება – სახელმწიფოს მეთადონის პროგრამა სრულიად თავის თავზე აქვს აღებული და რაღაცები კარგი ხდება, მაგრამ სერვისის მეთოდების ხარისხი ძალიან დაბალია“, – აღნიშნა ლაშა აბესაძემ.
ისევ რეპრესია და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკა
აბესაძის თქმით, სხვადასხვა რეგულაციებიდან გამომდინარე, ადამიანების დიდი ნაწილი, რომელსაც სერვისი ესაჭიროება, მისაღებად ვერ მიდის, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც სერვისს იღებენ, სწორად ვერ იღებენ.
როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა გვითხრა, მათი დაყოვნების დოზა, მომხმარებლებზე აღარ არის დამოკიდებული, რადგან თავი რომც დაანებონ და აღარ მოიხმარონ, დეტოქსზე გადავიდნენ, არაფერი მათ ცხოვრებაში არ იცვლება.
„მარტივ მაგალითს გეტყვით, რაც ხშირად არა, მაგრამ პირადად მინახავს: ჩანაცვლებითი თერაპიის სერვის ცენტრების მიმდებარედ, პოლიციელები დგანან, აჩერებენ ადამიანებს, ჩხრეკენ, სურათებს უღებენ და ა.შ.
მესმის, რომ პოლიციამ ვითარება უნდა აკონტროლოს, წესრიგი შექმნას, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები მთელი თავისი ცხოვრება თავს კრიმინალებად გრძნობენ.
ახლა სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართულნი და იქიდან გამოსულებისთვის არაფერი იცვლება – პოლიცია მაინც ჩხრეკს, სურათებს იღებს და ა.შ. ხოლო ის, რისთვისაც ეს პროგრამა არსებობს და რა მიზანიც რეალურადაა, არის ის, რომ არ გავრცელდეს აივ ინფექცია [შიდსი], რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში საკუთარი თავის პოვნა“, – აღნიშნა აბესაძემ.
მისი შეფასებით, მაშინ, როცა შეიძლება ამ პრეპარატების სწორად მიღების შემთხვევაში, ადამიანების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, ამ დროს, ასეთი მიდგომები, პროცესს ხელს უშლის.
„მხოლოდ ესეც არ არის, მეზობლები უყურებენ და დღემდე ფიქრობენ, რომ ის ხალხი, ვინც იქ [იგულისხმება მეთადონის პროგრამა] მიდის, ჩვეულებრივი ხალხი არაა და არიან არასწორი ადამიანები.
სარეაბილიტაციო ცენტრები კი არა, დეტოქსის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, აქაც იმხელა დარღვევაა, რომ ადამიანებს, ვისაც მაგალითად უნდათ, რომ ნარკოტიკს თავი დაანებონ, უწევთ ამ პროგრამას დაახლოებით 4-იდან 6 თვემდე ელოდონ.
ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენც რომ ჩავეწეროთ დავუშვათ კარგ ექიმთან, ამისთვის 3-4 თვე შეიძლება ლოდინი მოგვიწიოს, იმიტომ რომ ასეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვიღაც კონკრეტულთან გვინდა, მაგრამ ეს ამას არ ეხება, იქ რომელიმე კონკრეტულ ექიმს არავინ ირჩევს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როცა ადამიანი, არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ რაღაცისგან თავის დაღწევას გადაწყვეტს, ეს ავტომატურად უნდა მოხდეს, რადგან ესე იგი მოტივაცია არსებობს, რის გამოც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
ამ დროს კი, 4 თვის შემდეგ, აბსოლუტურად სხვა სცენარი შეიძლება განვითარდეს – ან დაჭერილი იყოს, ან გარდაცვლილი ან დანებების მოტივაცია აღარ ჰქონდეს. ასე რომ თუ ადამიანებს სერვისს ვთავაზობთ, ვფიქრობ, მაშინ უნდა მივაწოდოთ, როცა ეს მათ სჭირდებათ.
რაზეც ახლა ვსაუბრობთ, [დეტოქსის პროგრამა] პირველად ეტაპზე მხოლოდ ტკივილის გაყუჩებაა, შემდეგ უკვე როგორც თქვენც ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რაც საკმაოდ ძვირია, მაგრამ რაღაც მაინც უნდა არსებობდეს ჩვენს გარშემო, რომ იმ ნაწილს, ვისაც ძალიან უჭირს, იმათ მაინც მივაწოდოთ.
აი, ჩემს მაგალითზე გეტყვით, როცა ჩემი წრისთვის მჭირდება, ვერსად ვპოულობ უფასო ფსიქოლოგს, რამდენიმე სეანსი მაინც რომ ჩაუტაროს ადამიანს, ამას ვერ ვპოულობ, საუბარი არ არის ერთჯერად გასაუბრებაზე, საუბარია თერაპიაზე.
ძალიან გამიხარდა, რომ უკუკავშირი შედგა, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი მოსმენა უნდათ, სურდათ თემის მხრიდანაც გარკვეულნი ყოფილიყვნენ ამ საკითზე [დოზირება].
გვაქვს იმის პლატფორმაც რომ ამ საკითხებზე თემმა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ისაუბრონ და ბოლო შეხვედრაზე ჩანაცვლებით თერაპიაზე საკითხი ძალიან მწვავედ დავსვით, მაგრამ რა გითხრათ, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესამდე მიდიან, სამწუხაროდ არ სურთ, რომ ქვეყანაში ისეთ მგრძნობიარე თემას, როგორიც ნარკოტიკების პრობლემური მოხმარებაა, შესაბამისად მიხედონ.
თანაც აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაიმეს თემი ითხოვს, არამედ საუბარია მტკიცებულებებით გამყარებული პრობლემებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ვცდილობთ ყველაფერში ჩავერთოთ, ვისაუბროთ სამედიცინო სფეროს პროფესიონალ წარმომადგენლებთან ერთად, იმისთვის, რომ ასეთი სერვისები არ გავაფუჭოთ.
პირად საუბრებში გვეთანხმებიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არაფერი ხდება. ადამიანურად მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები და ძალიან მტკივა, რომ მაგალითად, თუ ჩვენ პრევენციაზე მუშაობა დღესვე არ დავიწყეთ, ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადადებული დღე უკან გვხევს. არადა, ყველას გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ნარკოტიკი არ მოიხმაროს ხომ?
საბოლოო ჯამში, ის პროგრამები, რომელიც მოკლევადიან პერიოდში შედეგს არ იძლევა, შემდეგ უკვე აღარავის აინტერესებს, მით უმეტეს მთავრობას, თუ ეს საარჩევნო პერიოდში არ ხდება.
არადა, დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ახლა პრევენციაზე მუშაობას დავიწყებთ, 10 წლის შემდეგ ქვეყანაში ნარკომომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენელმა, ლაშა აბესაძემ.
რეალური ცვლილებები თუ კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა – რას (ვერ) ცვლის კანონი