მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სილქნეტი აბონენტებს უპაროლო WI-FI–სთვის დააჯარიმებს, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ “ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განუცხადა.
სილქნეტი განმარტავს, რომ მედიაში ხელშეკრულებაში ჩადებული პირობის არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა – ჯარიმა მხოლოდ იმ პირებს შეეხებათ, ვინც სილქნეტის პროდუქციას (ინტერნეტს) გადაყიდის.
“ჯარიმა დაწესებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სილქნეტის რომელიმე პაკეტი, შეიძენთ გარკვეულ მოწყობილობებს და მოახდენთ ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისის გადაყიდვას, კომერციული ინტერესით”, – განაცხადეს სილქნეტში.
როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუმარტეს, მათი სერვისის “გადაყიდვის” რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონებში, თუმცა 20 000 ლარიან ჯარიმამდე საქმე არ მისულა და “არაკეთილსინდისიერი” აბონენტები მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.
“თბილისში ინტერნეტის გადაყიდვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა რეგიონში დაახლოებით, 3 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. კონკრეტული მომხმარებლები ჩაერთნენ ქსელში როგორც ფიზიკური პირები და გაყიდეს ინტერნეტი მეზობლებზე, ახლობლებზე და ა.შ. ამ ფაქტის შესახებ თავად აბონენტებმა გვითხრეს, რადგან მათ პრეტენზია ჰქონდათ ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით”, – განაცხადეს სილქნეტში.
ინფორმაციის გავრცელებისას, მედია რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ-გვერდზე „შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე“ დადებულ პოსტს დაეყრდნო, რომლშიც ვკითხულობთ:
„იმ შემთხვევაში თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ) ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, სილქნეტს შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო, ასევე თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება. მათივე ცნობით, ხელშეკრულების 7.1.4. მუხლში წერია – მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული „მომსახურება“ და არ დაუშვას „კომპანიისგან“ მიღებული „მომსახურების“ შემდგომი მიყიდვა/გადაცემა სხვა ნებისმიერ „მესამე პირზე“. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, “კომპანია” უფლებამოსილია დააკისროს “აბონენტს” ჯარიმის სახით 20,000.00 (ოცი ათასი) ლარის გადახდა და “კომპანიისთვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურება”
სილქნეტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯარიმა მხოლოდ გადაყიდვის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
თამთა უთურგაშვილი
