საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართვას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პარტიებმა არ უნდა დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეგასაგებია, თუმცა, საია-სგან მსგავს მიმართვას არ მოელოდა:
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს.
შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ, საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი.” – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.
გუშინვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება.
დღეს, საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.