პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდა. საუბარია ახლა უკვე გარდაცვლილ ცნობილ მეცნიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორ მაია დგებუაძეზე.
ლევან რატიანი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მტკიცებულებებს ასაჯაროებს.
როგორც რატიანმა „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, ეს არის საქმესთან დაკავშირებული ერთადერთი სიმართლე.
„ფორტუნამ“ რატიანს ჰკითხა, ხომ არ ნანობს ქონების მიღებას რომ დათანხმდა, გამომდინარე იმ გამოხმაურებებიდან, რაც ამ საკითხს მოჰყვა.
მან თქვა, რომ აღნიშნულ თემაზე ის კომენტარს აღარ გააკეთებს და რაც უკვე ერთხელ თქვა, მეტის დამატებას არ აპირებს.
ყველაფერი დაიწყო 2020 წელს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორი მაია დგებუაძე 2020 წლის დეკემბერში მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა.
მაია დგებუაძის ძმა, ორდე დგებუაძე ამბობს, რომ დისთვის ოპერაციის ჩატარება ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე გადაწყდა და ამაში ის ლევან რატიანს ადანაშაულებს. დგებუაძის ბრალდებით, ექიმი დაინტერესებული იყო პაციენტის ფინანსური მდგომარეობით და ოპერაციამდე 4-5 თვით ადრე, ლევან რატიანმა მის დას დააწერინა ანდერძი, რომ გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ქონებას ლევან რატიანს უტოვებდა. მისი თქმით, ანდერძით, მაია დგებუაძემ ლევან რატიანს მილიონის ღირებულების ქონება დაუტოვა. გარდაცვლილის ძმის მტკიცებით, დგებუაძეს ოპერაცია ლევან რატიანის მოთხოვნით ჩაუტარდა, რათა ექიმი ანდერძით გათვალისწინებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, სამეცნიერო მემკვიდრეობას, საგვარეულო უნიკალურ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს რაც შეიძლება სწრაფად დაუფლებოდა.
როგორც ორდე დგებუაძე ამბობს, მის დას ოპერაციის გაკეთება გერმანიაში, ყოფილ სტუდენტთან, ცნობილ ექიმ ასლან გერმანიშვილთან სურდა. დგებუაძე დასძენს, რომ იმ პერიოდში ასლანი თბილისში იყო ჩამოსული და პაციენტს ოპერაცია უშუალოდ ამ ექიმმა ჩაუტარა. თუმცა, გარდაცვლილის ძმა მიიჩნევს, რომ პროფესორის მძიმე დიაგნოზიდან გამომდინარე, მისთვის ოპერაციის გაკეთება მხოლოდ სიკვდილს დააჩქარებდა, რაც მისი თქმით, რატიანის ინტერესში შედიოდა.
ორდე დგებუაძე ფიქრობს, რომ ექიმს უნდოდა, როგორმე 6 თვე გაეყვანა. ანუ გასულიყო ვადა, რომელიც იურიდიულად საჭიროა ანდერძის ძალაში შესასვლელად, რომ მანამდე ოჯახს არ გაესაჩივრებინა. გარდა ამისა, გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ რატიანი მას მთავრობის წევრებთან ახლობლობის დახმარებით დაჭერითაც ემუქრება.
ლევან რატიანმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას ყველა ბრალდებას უპასუხა და სიმართლის დასამტკიცებლად დოკუმენტები გაასაჯაროვა.
რატიანის თქმით, ანდერძი, რომლითაც მას დგებუაძის მემკვიდრეობა გადაეცა, ნამდვილად არსებობს. თუმცა, ექიმი ქრონოლოგიურად ჰყვება, რა აკავშირებდა მაია დგებუაძესთან და როგორ გახდა მისი სამართალმემკვიდრე.
„პროფესორის ხელით დაწერილი ანდერძი ნამდვილად არსებობს, რომელიც შედგენილია ივლისში, მე კი ნოემბერში მომიტანა. ამ ანდერძის შესახებ არ ვიცოდი ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა ქალბატონი მაია გამოკვლევებს იკეთებდა. ის იყო ჩემი პროფესორი, მასწავლიდა ანატომიას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე მესწავლა. ის ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი იყო.
კოვიდიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტი არ მქონია და დაახლოებით, 2020 წლის მაისის თვეში მითხრა, რომ ვერ ყლაპავდა, ვერ სვამდა და ჩვენთან კლინიკაში მოვიდა. მას თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა კვლევა. ბიოფსიის შედეგად დადგინდა დიაგნოზი – თავქვე სიმსივნე, რომელიც იწვევდა სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას. თოდუას კლინიკაშივე დაიგეგმა ოპერაციაც. მაია ანატომი იყო და თავიდან ბოლომდე იცოდა ყველაფერი, რა და როგორ იქნებოდა. მას უნდოდა გერმანიაში ოპერაცია ექიმ ასლან გერმანიშვილთან გაეკეთებინა. საბედნიეროდ, ასლანი საქართველოში იყო ჩამოსული. კვლევების საფუძველზე, ასლან გერმანიშვილი და დიმა კორძაია ქალბატონ მაიასთან ერთად ოპერაციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ბატონმა ასლანმა ეს ოპერაცია ჩემს კლინიკაში ჩაატარა“, – აცხადებს რატიანი.
რატიანი ოჯახის ბრალდებას, რომ მაია დგებუაძისთვის ოპერაციის საჭიროება არ არსებობდა, არ იზიარებს და აცხადებს, რომ პაციენტისთვის ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა სამედიცინო კვლევების ჩვენების საფუძველზე დადგა. გარდა ამისა, რატიანი ამბობს, რომ ის პროფესიით ქირურგი არ არის და შესაბამისად, ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობაში და დაგეგმვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
„ეს ოპერაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით. მე ქირურგი არ ვარ, მაგრამ ასლანი თავის დარგში პროფესიონალია და თუ სასიცოცხლო ჩვენება არ იყო, ოპერაციას არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდა. ბატონ ასლანს მაიასთვის ყველაფერი ჰქონდა ახსნილი. მაიასაც გაცნობიერებული ჰქონდა ყველაფერი. იმისათვის, რომ სიცოცხლის 0,001 პროცენტი შანსი მაინც მისცემოდა, მან ოპერაციის ჩატარება პერსონალურად ასლანთან გადაწყვიტა.
ასლანმა და დიმამ იციან, რომ მე ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვერც მივიღებდი. ისტორია არის კლინიკაში, რომლითაც დასტურდება, რომ ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო. ოჯახის ბრალდებით რა გამოდის – მე ასლანს მკვლელობა შევუკვეთე, მან ეს შეასრულა და ორივე დანაშაულის მონაწილე ვართ?! მაია კათედრის პროფესორი იყო, რომელმაც საკუთარი დიაგნოზი ზედმიწევნით იცოდა“, – აცხადებს რატიანი.
ქირურგი ასლან გერმანიშვილი გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს. მისი ინფორმაციით, სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი იყო და ამბობს, რომ მოსალოდნელი რისკები პაციენტს თავად განუმარტა. ქირურგი სიცრუეს უწოდებს გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებებს, რომ ოპერაციის არჩატარების შემთხვევაში, პაციენტს სიცოცხლე გაუხანგრძლივდებოდა.
„ყველაფერი, რასაც მაიას ოჯახი ამბობს, თუნდაც დიაგნოზთან დაკავშირებით, აბსოლუტურად აბსურდია. არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან მოიგონეს. ჩარევის ჩვენება 100 პროცენტით იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაცია გარდაუვალი იყო. სიმსივნე თავის ტვინის ღეროს აწვებოდა. წინასაოპერაციო ყველანაირი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. დიაგნოზი დაუდგინდა – კლიუსის ხორდომა, რომელიც მსოფლიოში ურთულეს ნეიროქირურგიულ ოპერაციად ითვლება თავის ტვინის სიმსივნეების დროს. მაიას მე ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, რა გართულებები შეიძლება მოჰყოლოდა ოპერაციას. ოპერაცია ორ ეტაპად იგეგმებოდა. სამწუხაროდ, პირველ ეტაპზე ტვინმა ვერ გაუძლო და შეშუპება წავიდა. ოპერაცია გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, სხვა ვარიანტი არ არსებობდა. რასაც მაიას ოჯახის წევრები ამბობენ, ყველაფერი ტყუილია. ალბათ ეს ამბავი შეკვეთილია.
ეს ოპერაცია კარგად რომ დამთავრებულიყო, მაიას სიცოცხლეს ვუხანგრძლივებდით. მეც და ლევანიმაც ყველაფერი გავაკეთეთ რომ, მაია უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ არის რაღაც გართულებები, რაც ფიზიკურად გამოუსწორებელია. იმ მდგომარეობაში კი, რომელშიც მაია იყო, მისი სიცოცხლე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა“, – აცხადებს გერმანიშვილი.
გარდა ამისა, გერმანიშვილი უარყოფს დგებუაძის ოჯახის წევრის მონაყოლს, რომლის მიხედვითაც თითქოს მას ქირურგმა უთხრა ლევან რატიანის სიტყვები, „თითქმის გვამია, მაგრამ ოპერაცია უნდა გაუკეთოთო“.
ექიმი ლევან რატიანი ვრცლად საუბრობს ანდერძის იმ ნაწილზეც, რომელიც მხარეებს შორის სადავო გახდა. ექიმის თქმით, მაია დგებუაძემ, რომელმაც დიაგნოზიდან გამომდინარე იცოდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, რატიანს ანდერძის სახით ის ყველაფერი დააბარა, რაც გარდაცვალების შემდეგ მას უნდა შეესრულებინა. რატიანის თქმით, პროფესორმა ანდერძის მიხედვით, უძრავ ქონებასთან ერთად, სამეცნიერო ნაშრომებიც გადასცა, რომელთა დასრულება, შემდეგ კი გამოქვეყნება დააბარა.
„ნოემბერში, როცა უკვე ოპერაცია დაგეგმილი იყო, მაიამ მითხრა, რომ იმ დღეს მასთან სახლში ადრე მივსულიყავი. მაჩვენა რომელი ფეხსაცმელი და სვიტერი უნდა ჩამეცმია მისთვის გარდაცვალების შემდეგ და მითხრა, როდესაც ის სიცოცხლეს დაასრულებდა, რა უნდა გამეკეთებინა. მან მომცა ჩანთა და დააყოლა, რომ იქ ყველაფერი ეწერა, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა შემესრულებინა. თუ არ ვცდები, 10 დეკემბერი იყო, როცა აღნიშნული ჩანთა გავხსენი და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ის დიდი ტვირთი, რასაც ანდერძი ერქვა.
კითხვაზე, რატომ უანდერძა პროფესორმა რატიანს მისი მემკვიდრეობა,- ექიმი აცხადებს, რომ პროფესორს ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ამის მიზეზი ანდერძშიც ეწერა.
„მახსოვს, ოქტომბერში, ღამის ორ საათზე დამირეკა და მითხრა, – ვერ ვსუნთქავ და მიშველეთო. როგორ წავედი მის სახლამდე, არ მახსოვს. სიმსივნური გამოვლინებები ახასიათებდა. მე პანდემიიდან გამომდინარე ვერ ვახერხებდი ყურადღება მიმექცია და ვუთხარი, იქნებ მისი ოჯახის წევრებისთვის დაერეკა. მაშინ მითხრა, რომ ოჯახს არ აღიარებდა და მომიყვა ისეთი მგრძნობიარე ამბავი, რომლის თქმაც არ მინდა. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ მაიას მისი და 23 წელია არ უნახავს. (ანდერძშიც წერია ის მიზეზი, თუ რატომაც არ აღიარებდა ოჯახს). ანდერძის ამ ნაწილის გასაჯაროება არ მინდა, რადგან ეს მათი პირადი ცხოვრებაა. როცა ანდერძში ეს წავიკითხე, გაოგნებული დავრჩი. არ ვიცი, ამხელა პასუხისმგებლობა რატომ დამაკისრა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან კარგად მიცნობდა და იცოდა, არცერთ პრინციპს არ დავარღვევდი. მე მას ყველა პირობა შევუსრულე“, – აღნიშნავს ექიმი.
ექიმი ბრალდებას, რომ მან პროფესორის გარდაცვალება ოჯახს დაგვიანებით გააგებინა, ტყუილს უწოდებს. თუმცა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა. რატიანი ამბობს, რომ ამას მაია დგებუაძე მას ანდერძით ავალებდა. როგორც გამოცემასთან საუბრისას რატიანმა განაცხადა, მან ანდერძის ყველა პუნქტი შეასრულა, რაც დაკრძალვის ცერემონიას, დასასწრები სტუმრების სიას და საფლავის ადგილმდებარეობას გულისხმობდა.
„მაიას ანდერძში ნათქვამი აქვს, სახლშიც რომ გარდაცვლილიყო, იქ ჩემს გარდა არავინ შესულიყო, მისი ოჯახის წევრებიც კი. მეორე მომენტიც არის, – თუ საავადმყოფოში გარდაიცვლებოდა, ის უნდა გადასვენებულიყო მორგში და შემდეგ – იმ ეკლესიაში, რომლის სიახლოვესაც დაიკრძალებოდა. ეს მოხდა ვაკე–საბურთალოს სასაფლაოზე, თავად, დასვენებული იყო წმინდა ნინოს ეკლესიაში. ეს იყო პანდემიის პიკი და შეუძლებელი შევძელი. ორმოციც ზუსტად იმ დღეს გავაკეთე, რომელ დღესაც უწევდა, – იანვრის ბოლოს, გაგანია პანდემიის დროს. ვინც ჩამოთვლილია ანდერძში, უმეტესობა მოვიდა. სასაფლაოც ვაკურთხე და ქრისტიანული წესით ყველაფერი გავაკეთე.
ოჯახის წევრებს ანდერძი წავაკითხე და ვუთხარი, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რასაც ვყვები… მე მწამს ღმერთი და ვერ შევხვდებოდი მაიას იმ ქვეყნად, ეს პირობები რომ არ შემესრულებინა“, – აცხადებს რატიანი.
ანდერძში, რომელსაც ლევან რატიანმა ასაჯაროვებს, წერია პუნქტები, რაც ექიმს უნდა შეესრულებინა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, რატიანის თქმით, ანდერძით მას დგებუაძის საკუთრებაში თბილისსა და ბათუმში მდებარე ბინები გადაეცა. ექიმი ამბობს, რომ თავდაპირველად აპირებდა, თბილისის ბინა გარდაცვლილის ოჯახისთვის დაებრუნებინა, თუმცა ეს მას შემდეგ გადაიფიქრა, როცა, მისი თქმით, ორდე დგებუაძემ გარდაცვლილი და ცუდად მოიხსენია.
„სიმართლე გითხრათ, სხვისი არაფერი არ მინდოდა, ერთი თეთრიც კი. ეს მაიას ოჯახსაც ვუთხარი. ვფიქრობდი, თუ ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდებოდა, მათი პირობა შემესრულებინა და ბინა გადამეცა. მაიას მხოლოდ თბილისის ბინა უნდოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ძმამ ორმოცზე მისი და ძალიან უწმაწური სიტყვით მოიხსენია, გადავწყვიტე, არაფერი აღარ მიმეცა. მას რომ სდომებოდა თავისი ნაწვალები მის ოჯახს ჰქონოდა, აუცილებლად მისცემდა“, – ამბობს ექიმი.
რატიანი გარდაცვლილის ოჯახის კიდევ ერთი ბრალდებას ეხმაურება, რომელიც საერთაშორისო ბანკებში გახსნილ ანგარიშებს ეხება. ექიმი სიცრუეს უწოდებს იმ ბრალდებას, რომ მან ანგარიშებიდან თანხა მოხსნა. მეტიც, რატიანი ამბობს, რომ პროფესორს საერთაშორისო ბანკებში ანგარიში საერთოდ არ ჰქონია.
„მე სამართალმემკვიდრე ვარ და როცა რამდენიმე ბანკში ვიყავი, გავიგე, რომ მაიას ბოლო სესხი 2018 წელს აქვს გადახდილი, რომლითაც ბათუმის ბინა იყიდა და ამის საბუთიც არსებობს. მაია არ იყო იმ შესაძლებლობების, რომ მას საერთაშორისო ბანკებში ანგარიშები გაეხსნა“, – აღნიშნავს რატიანი.
ექიმი ცილისმწამებლურს უწოდებს კიდევ ერთ ბრალდებას, თითქოს მან დგებუაძის ნაშრომები მიისაკუთრა და თავისივე ავტორობით გამოსცა.
„მაიას არცერთი ნაშრომი არ დაბეჭდილა, ვერ დავჯექი და ვერ დავბეჭდე, თუმცა, აუცილებლად გავაკეთებ ამას. მაიას პროფილით ერთი სტატიაც არ გამომიქვეყნებია. ხოლო, 2013 წლიდან ერთი წიგნის პრეზენტაციაც კი არ მქონია. ანდერძში წერია, რომელი ნაშრომი უნდა დავასრულო და გამოვაქვეყნო, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოვიცალე ამისთვის. მას ბევრი რამ აქვს დასასრულებელი და დავპირდი, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებდი“, – აცხადებს რატიანი.
ცნობილი ექიმი კატეგორიულად უარყოფს იმ ბრალდებასაც, თითქოს ის დგებუაძის ძმას მთავრობის წევრებით აშანტაჟებდა და დაჭერით ემუქრებოდა.
„ძალიან ძნელია, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ დედის გინებით, ამიტომ ვუთხარი, რომ საერთოდ აღარ დამკავშირებოდა. სხვა მხრივ, მუქარას ადგილი არ ჰქონია. ორდეს მეუღლე, ფიქრია ჩემთან მარტში იყო და მითხრა, რომ პრეტენზია არ ექნებოდათ, თუ მათ თბილისის ბინას გადავცემდი. დაიმუქრა კიდეც, რომ აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ და ჩემს დისკრიმინაციას მოახდენდნენ, მაგრამ მათ, რეალურად, ამ ანდერძის გასაჯაროება არ აწყობდათ.
როგორც ამბობენ, ეს ბინა მაიას დედ-მამისეული იყო, მაგრამ ანდერძში წერია, რომ მათ ქონებასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ეს ბინა დიღომში მდებარეობს. ბინაში თვეში ერთხელ შევდივარ, მტვერს ვწმენდ, ვანთებ სანთელს და გამოვდივარ. მაიას უნდოდა, ეს სახლი ჩემი უმცროსი შვილისთვის დაეტოვებინა, რომელიც მე ძალიან მგავს. მე ჩემი მიზანი მაქვს, რომ აუცილებლად მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო“, – აცხადებს რატიანი.
ექიმი ბინასთან დაკავშირებით მის გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი იდეაა, თბილისის ბინა მაია დგებუაძის სახელობის მუზეუმად აქციოს.
„ჩემი ცხოვრების კრედოა, რომ ამ სახლს მუზეუმი დაერქვას და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ეს ადამიანი იყო მაღალი კლასის მეცნიერი, რომელმაც ბევრი რამ შექმნა. მისი დაწერილი ანდერძი ბევრჯერ წავიკითხე. მიკვირს, ამისთვის რატომ გამიმეტეს?!“, – ამბობს რატიანი. „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, რატიანი ამბობს, რომ სამართალი მის მხარესაა, რაც გარდაცვლილის ოჯახმაც კარგად იცის. ამასთან, რატიანი მზადყოფნას გამოხატავს, ოჯახს სამედიცინო დასკვნა გადასცეს, თუ ამას სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოითხოვენ.
„ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად ბრძოლას აზრი არ აქვს. ფიქრიამ მითხრა კიდეც, რომ სამართლებრივად ვერ გაჯობებთ, რადგან სამართალი თქვენს მხარესააო.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, ამას თავისი წესი აქვს. თუ იარსებებს სასამართლოს განჩინება, აუცილებლად წაიღებენ ამ დასკვნას. რამდენიმე დღის წინ კლინიკაში იურისტები მოვიდნენ, რომლებსაც ამ დოკუმენტების ნახვა უნდოდათ, მაგრამ, ვინაიდან სასამართლოს განჩინება არ არსებობს, მათ ამის საშუალება ვერ მიეცათ“, – აცხადებს რატიანი.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ოჯახმა ახალი ბრალდება გააჟღეროს, რომ ანდერძი მაია დგებუაძის მიერ არაა დაწერილი, რატიანი ამბობს, რომ ამის დადგენა კალიგრაფიული ექსპერტიზითაა შესაძლებელი.
ლევან რატიანის ხელთაა სანოტარო აქტიც, რომელიც მაია დგებუაძემ მემკვიდრეობა ექიმს იურიდიულად დაუმტკიცა. მაია დგებუაძემ მოწმეების თანდასწრებით ანდერძი შეადგინა და სანოტარო წესით დაამოწმა. აღნიშნული აქტით დგებუაძემ ლევან რატიანს მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა.
ერთ-ერთი მოწმე ნინო ონიანი, რომელიც ანდერძის შედგენის მომენტს ესწრებოდა აცხადებს, რომ პროფესორი სრულიად საღ გონებაზე იმყოფებოდა.
„მე და მაიას მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, ის ჩემთან სალონში დადიოდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მაია გონებრივად საღ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ვიცი, ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ლევანს კი იმიტომ დაუტოვა ქონება, რომ ძალიან უყვარდა. მაიას შვილი არ ჰყავდა და უნდოდა, ღირსეული ადამიანისთვის დაეტოვებინა ყველაფერი და ამბობდა, იმას დავუტოვებ ქონებას, ვინც იმსახურებსო. ჩვენ კი გვთხოვა, მოწმედ დავდგომოდით. როგორც ვიცი, ლევანმაც კი არ იცოდა იმ მომენტში ანდერძის შესახებ. თავად ლევანს მე პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცი“, – განაცხადა ნინო ონიანმა.
იხილეთ ლევან რატიანის მიერ გავრცელებული ანდერძის ასლი, ასევე, ნოტარიულად ანდერძის დამოწმების დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ მაია დგებუაძემ მის კუთვნილებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება ლევან რატიანს უანდერძა.