ადამიანს, შესაძლოა, ბევრი წელი იცნობდე, მაგრამ წარმოდგენაც კი არ გქონდეს მისი პიროვნული სიღრმის შესახებ. ზოგჯერ, თურმე, განსაცდელი გიჩვენებს მის ნამდვილ ხასიათს. ზოგჯერ, თურმე, მახლობლის ფეხქვეშ მიწის გამოცლა შენი გამოცდაცაა – ან საკუთარი თავის ჩრდილად დარჩები ან გადარჩები…
ამ სტატიით ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი თქვენც სულ სხვა თვალით უნდა დაგანახოთ. მისი ცხოვრების მთავარი საფიქრალ-საზრუნავიც უნდა მოვიტანო თქვენამდე და იმ წამოწყების შესახებაც უნდა გამცნოთ, მისი ცხოვრების ურთულეს პერიოდში ჯერ თავის შესაქცევად რომ გაჩნდა, ახლა კი ბიზნესად ტრანსფორმირების პერსპექტივა შეიძინა.
თორნიკესთან ეს ინტერვიუ მართლაც ფორსმაჟორულ ვითარებაში ჩავწერე, ესპანეთში მორიგ კვლევაზე მიემგზავრებოდა შვილთან ერთად, მაგრამ მაინც გამონახა 40 წუთი, თავისი ცხოვრების ურთულესი ორი წლის შესახებაც რომ ეამბა და იმაშიც დავერწმუნებინე, რომ თუკი მოისურვებ, თუკი დაიჟინებ, ფორტუნას პირს შენკენ აუცილებლად მოაბრუნებინებ.
რამდენიმე თვეა, რაც ჩემმა კოლეგამ სოციალური ქსელის, ფეისბუკის მეშვეობით საზოგადოებას მის მიერ შექმნილი სანათები და სახლის დეკორატიული ნივთები წარუდგინა. თორნიკეს მათი კეთება მადრიდში დაუწყია, ოღონდ არა მცხუნვარე მზის მიერ შთანთქმული ქალაქის შთაგონებით…
– ჩემი ეს წამოწყება ბრენდად ჯერ არ დამირეგისტრირებია, „ტოტანი“ ჯერ კიდევ იდეაა, რომლის განსახორციელებლადაც, უბრალოდ, პირველი ნაბიჯები გადავდგი. ამ ყველაფრის საწყისი იყო ძალიან დიდი განსაცდელი – თითქმის 2 წლის წინ თავზე ცა ჩამომექცა, როდესაც ჩემს შვილს, დათის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა.

წარმოშობით ქიზიყიდან ვარ, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან. დათის ძალიან უყვარს კახეთში ბებოსთან და პაპასთან ყოფნა. ერთ დღესაც, სოფელში ჩასვლისთანავე ბავშვს აღებინა, რაც გზაში ნაჭამ ბევრ ტკბილეულს დავაბრალეთ. თუმცა იმ დღის მანძილზეც და მომდევნო დღესაც იგივე რამდენჯერმე განმეორდა. მესამე დღეს ჩემებმა დამირეკეს (თბილისში, სამსახურში ვიმყოფებოდი), ბავშვი ადგილობრივ კლინიკაში მიგვყავს გადასხმისთვის, გაუწყლოება რომ არ დაემართოსო. ცხადია, მაშინვე კახეთისკენ გავეშურე. როცა ჩავედი, გადასხმა უკვე დასრულებული იყო და ხელიდან კათეტერი როგორც კი მოხსნეს და ბავშვი წამოვაყენე, უცბად დაელმდა – ერთი თვალის კაკალი სულ შიგნით შეუვიდა. კლინიკაში ეს მოვლენა თავდაპირველად შიდა ქალის წნევას და გადასხმის პირველი პროცედურის გვერდით ეფექტს მიაწერეს და დილამდე დარჩენა გვირჩიეს ვითარებაში გასარკვევად. თუმცა მეორე დღეს, ახალგაღვიძებულზე, დათის თვალი უარეს მდგომარეობაში აღმოვაჩინეთ. პანიკაში ჩავვარდით და სასწრაფოდ წამოვედით თბილისში. ჯერ პედიატრთან და შემდეგ ნევროპათოლოგთან გავლილი შემოწმებით არაფერი საგანგაშო არ გამოვლინდა, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა ასეთი სიელმის მიზეზს ვერავინ არკვევდა. ამის შემდეგ ნევროპათოლოგმა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (MRI) გაგვიშვა. მეორე დღეს, ვიდრე გადასაღებად შეიყვანდნენ, ბავშვს ნარკოზი გაუკეთეს, რადგანაც პროცედურას, დაახლოებით, 45 წუთი სჭირდებოდა და მშობლებს გარეთ დაცდა გვთხოვეს. თუმცა პროცედურის დაწყებიდან 10 წუთში ექთანმა ექიმთან გვიხმო. შევშინდით, რომ ნარკოზის გამო დათის რაღაც დაემართა. ექიმის პირველი კითხვა იყო – „ეს ერთი შვილი გყავთ?..“ და ამ შეკითხვით დაზაფრულებს მონიტორზე გვაჩვენეს, რომ თავის და ზურგის ტვინის შეერთებასთან, მეოთხე პარკუჭთან კვერცხისხელა სიმსივნე იყო (როგორც შემდეგ გაირკვა, გადასხმის დროს სწორედ ეს წარმონაქმნი შეშუპებულა, ტვინის იმ უბანს მისწოლია, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი და ამას გამოუწვევია სიელმე). მართლა არ მახსოვს, რადიოლოგის კაბინეტიდან როგორ აღმოვჩნდი ეზოში… ალბათ, პირველად მაშინ მოვკვდი… იმ წუთებში დათის დედამ, თაკომ იყოჩაღა – ჯერ ბავშვი ნარკოზიდანაც კი არ იყო გამოსული, რომ MRI-ს დისკს დაავლო ხელი და ნეიროქირურგთან გაიქცა. მანაც დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად მედულობლასტომასთან გვქონდა საქმე და ოპერაცია სასწრაფოდ იყო გასაკეთებელი, რადგან ყოველ წუთს და წამს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ოპერაცია დიაგნოზის დასმიდან მესამე დღეს რკინიგზის საავადმყოფოში გაკეთდა. ეს დღეც ერთ-ერთი ურთულესი აღმოჩნდა – დათი უცხო ადამიანებთან ერთად არ შედიოდა საოპერაციოში, რის გამოც მომიწია, რომ მე შევყოლოდი და ჩემი ხელით გამეკეთებინა შვილისთვის ნარკოზი… მეორედ მაშინ მოვკვდი… ოპერაცია სამი საათი გაგრძელდა და ეს დრო მართლაც უსასრულოდ გაიწელა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, სიმსივნური წარმონაქმნის მთლიანად ამოღება მოხერხდა. შემდეგ იყო რთული დღეები რეანიმაციაში, რადგან ჭრილობის შეხორცების პრობლემას შევეჩეხეთ. ჭრილობიდან გადმოდიოდა სითხე, რომელსაც ლიქორეა ჰქვია (ის თავის ტვინიდან ზურგის ტვინში ცირკულირებს) და ყოველ წამს იყო მენინგიტის განვითარების რისკი. ამ სითხის შესაჩერებლად 20 დღის განმავლობაში დათის ყოველდღე 3-4 ნაკერს ადებდნენ. ყოველი დღე ჯოჯოხეთი იყო… ტკივილები ძილში რომ გადაეტანა, ბავშვი ოპერაციიდან მხოლოდ მესამე დღეს გამოაღვიძეს. უჩვეულო გარემოსა და მდგომარეობაში რომ აღმოაჩინა თავი, დათიმ სტრესის გამო რაღაც დროით ლაპარაკი შეწყვიტა… 25-ე დღეს, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, საავადმყოფოდან გამოგვწერეს და შემდეგ მალევე წავედით ესპანეთში ჩვენი ნეიროქირურგის რჩევით (აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მასაც და რკინიგზის საავადმყოფოს მთელ მედპერსონალს, რომლებიც დღედაღამ ყველაფერში გვეხმარებოდნენ).

ასე მოხვდით მადრიდში, კლინიკაში „Quirónsalud“, სადაც კეთდება ყველაზე უსაფრთხო სხივური თერაპია – პროტონოთერაპია. ეს არ არის გამჭოლი სხივები, ისინი მხოლოდ ლოკალურად მოქმედებენ და არ აზიანებენ სხვა, ჯანმრთელ უჯრედებს, არ მოქმედებენ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. სხივური თერაპიის შემდეგ უკვე ქიმიოთერაპიაზე გადავედით. ცხადია, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი, ამ ყველაფერთან ერთად რთული იყო უცხო ქალაქში ყოფნაც, გვქონდა ენის ბარიერის პრობლემაც, არ გვყავდა არავინ ნაცნობი (შემდეგ კი გავიცანით ბევრი ქართველი ემიგრანტი, რომლებიც ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდში). ჯამში, 15 თვე დავყავით მადრიდში. ბრძოლის და ბოლომდე შემართებით ყოფნის ძალას თავად დათი გვაძლევდა. ეს 4 წლის ბიჭი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, იმდენი რამ გადაიტანა გმირულად, რომ მშობლებს ფარ-ხმლის დაყრის უფლება არ გვქონდა, ბოლომდე უნდა მივყოლოდით ამ ამბავს. ამჟამად დათი კარგად გრძნობს თავს, თუმცა ისევ ერთი კვირით მივფრინავთ მადრიდში, ქიმიოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა რომ შეამოწმონ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით. ზოგადად წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გველის და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, არაფერი რომ გამოგვეპაროს. ესპანეთში კვლევებზე ჩასვლა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს…

– და ამ რთულ პერიოდში, უცხო ქალაქში მყოფს, თავის დასამშვიდებლად რატანი ჩაგივარდა ხელთ…
– კლინიკაში თერაპიებზე ყოფნის დროს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად სახლში ვიყავით ხოლმე. ერთხელაც, ერთ-ერთ მაღაზიაში დათისთვის სათამაშოს რომ ვყიდულობდით, აღმოვაჩინე ხის მასალა, სახელწოდებით რატანი, რომლითაც სანათები და ავეჯი იწვნება. ის ძირითადად ტროპიკულ ტყეებში მოიპოვება, ძვირფას მასალად ითვლება და ყველგან არ იყიდება (საქართველოში, მაგალითად, საერთოდ არ იშოვება). იმდენად, რამდენადაც კახეთის სახლში ჩემი ოთახი საკუთარი ხელით მქონდა გარემონტებული და ბავშვობიდან ვჩხირკედელაობდი სხვადასხვა მასალით, რატანის პატარა გორგალის და რკინის კარკასის ყიდვის უფლება მივეცი თავს. შინ მისულმა კი კარკასზე, რატანის გამოყენებით, სანათის თავი შემოვწანი. იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი ურიგო არ გამოვიდა და თან პროცესით უდიდესი სიამოვნება მივიღე, ამ საქმეში დახელოვნება გადავწყვიტე. ჯერ ინტერნეტში ბევრი ვიდეო ვნახე, ტექნოლოგია კარგად რომ ამეთვისებინა, შემდეგ კი საკუთარი დიზაინით დაწვნას შევუდექი. მას შემდეგ ვცდილობ, რომ ჩემი ნაკეთობები სხვისი ქმნილებების გამეორება არ იყოს, თითოეული ნივთი მართლაც მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. თუკი თავდაპირველად კარკასებზე ვწნავდი, შემდეგ უკვე უკარკასოდ მოწვნაზე გადავედი. შემიძლია ვთქვა, რომ თავს დამტყდარი განსაცდელის შემდეგ ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებაში ეს გატაცება დამეხმარა, თითოეულ ნივთზე მუშაობისას დროებით ვწყდებოდი რეალობას, ეს საქმე ნამდვილი თერაპია აღმოჩნდა.

– რამ გადაგაწყვეტინა შენი ნამუშევრები საჯაროდ გამოტანა?
– დაწნული ავეჯი და ნაკეთობები ქართული ბაზრისთვის, ცხადია, უცხო არ არის, მაგრამ როცა გავარკვიე, რომ რატანზე საქართველოში არავინ მუშაობდა, ამან მომცა სტიმული, სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გამეხსნა და ამ დრომდე დაგროვებული ნამუშევრების (სანათები, ჭაღები, სახლის დეკორები) ფოტო-ვიდეომასალა ამეტვირთა. სამომავლოდ, პრეზენტაცია-გამოფენის მოწყობას ვგეგმავ, უფრო მეტმა ადამიანმა რომ ნახოს ჩემი შემოქმედება ერთ სივრცეში და განვითარების ახალ საფეხურზე რომ ავიყვანო ეს საქმე.

– რას ნიშნავს „ტოტანი“, რატომ დაარქვი ასე შენს წამოწყებას?
– ამ სახელწოდებას რაიმე ღრმა დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ, ქართული სიტყვა ტოტი და ესპანური ხის მასალა – რატანი დავაკავშირე ერთმანეთთან, რაც მარტივად წარმოსათქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
– რა დრო გჭირდება ერთი ნივთის დასამზადებლად?
– დაწვნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მით უფრო, რომ რატანი წყალში სველდება და მხოლოდ ასეთ მდგომარეობაშია მასზე მუშაობა შესაძლებელი. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს, სომბრეროს ფორმის ჭაღს სამი დღის განმავლობაში ვწნავდი. აქვე აღვნიშნავ, რომ მუშაობის დაწყებისას წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამოვა. მთავარია, რომ ჩემ მიერ შექმნილი ნივთები ერთმანეთსაც არ ჰგავდეს.
🇬🇪 #სანათი #მოწნული #Totaniტოტანი #ესპანურიმასალა #რატანი #დეკორაცია #ხელნაკეთი
Posted by Totani-ტოტანი on Friday, July 11, 2025
– როგორც ვიცი, შენი ნამუშევრების შეძენის არაერთი მსურველი გამოჩნდა.
– დიახ, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს წამოწყებას, ბევრი შეტყობინება მივიღე „ტოტანის“ გვერდზე განთავსებული ნაკეთობების ფასებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ მართლა არ ვიცი, რა ფასი უნდა დავადო მათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად ესმის ძვირფასი მასალისა და ხელნაკეთობის ფაქტორი. შესაბამისად, ჯერ არცერთი ნივთი არ გამიყიდია. ესპანურ ბაზარზე რატანით მოწნული ავეჯი და ნივთები საკმაოდ ძვირია – ღირებულება 300 ევროდან იწყება. ქართულ ბაზარზე ასეთ მაღალფასიან ნაკეთობებს რიგითი მომხმარებელი ვერ გაეკარება. მე კი მინდა, რომ „ტოტანის“ პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

– შეკვეთებს თუ მიიღებ?
– რა თქმა უნდა, სამომავლოდ შეკვეთებსაც მივიღებ, მომხმარებლების სურვილებსაც გავითვალისწინებ, ოღონდ ჩემი ფანტაზიაც უნდა იყოს ჩართული. აქვე გაგიმხელთ, რომ რატანის გარდა სხვადასხვა მასალაც ჩამოვიტანე, რომელთა გამოყენებასაც ვგეგმავ მოწვნის პროცესში, მათ შორისაა სადაფის ულამაზესი ფირფიტები, მინდა, რომ ისინი ერთი ჭაღისთვის რატანში იყოს ჩაწნული.
– როგორ წარმოგიდგენია შენი წამოწყების მომავალი? გაცდება თუ არა ის ჰობის და შეიძენს თუ არა მასშტაბებს?
– ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ მომავალში მოწნულ ავეჯზეც გადავიდე, რომ ჩემი სანათები საქართველოში რომელიმე სასტუმროს ან კვების ობიექტს ამშვენებდეს. მინდა, რომ „ტოტანის“ პროდუქცია იყიდებოდეს იარლიყით „დამზადებულია საქართველოში“ და რამდენიმე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა მაინც მქონდეს. დიახ, მინდა, რომ ჩემი გატაცება იქცეს ბიზნესად…