რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნუტრიციოლოგ-ენდოკრინოლოგი, თეონა ყანდინაშვილი და ამავე კლინიკის ზოგადი ბარიატრიული, ენდოკრინული ონკოქირურგი და ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა ცუცქირიძე სტუმრობდნენ. გადაცემის თემა კი სიმსუქნე, ჭარბი წონა და მისი მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი, ბარიატრიული მკურნალობა იყო.
-თეონა, რა არის სიმსუქნე სამედიცინო და ჯანდაცვის თვალსაზრისით და რა მკურნალობის მეთოდები გვაქვს 21 საუკუნეში მის საწინააღმდეგოდ?
-სიმსუქნე ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. 21 საუკუნეში, როდესაც არ გვაქვს სწორი და ჯანსაღი კვების ფუფუნება, არ გვაქვს აქტიური ფიზიკური დატვირთვა. გვაქვს ძირითადად მჯდომარე სამუშაო, უამრავი ცდუნება და სტრესი, გენეტიკური წინასწარ განწყობა და ძილის დარღვევები – ეს ყველაფერი სიმსუქნის გამომწვევი რისკფაქტორია. სიმსუქნეს 21 საუკუნის პანდემიასაც კი უწოდებენ. სიმსუქნის მკურნალობა პირველ რიგში რასაკვირველია იწყება დიეტით და ფიზიკური აქტივობით. შემდეგ უკვე ირთვება მკურნალობაში კონსერვატიული, მედიკამენტური მკურნალობა და თუ შედეგი ვერ მივიღეთ, ამის შემდეგ პაციენტს ვამისამართებთ ბარიატრიულ ქირურგთან. ვიწყებთ კვლევებს და ვგეგმავთ ბარიატრიულ ოპერაციას. როდესაც პაციენტები ჩვენთან მოდიან, რა მეთოდიც არ უნდა განვიხილოთ მკურნალობის, ყველას ვეუბნებით, რომ თუ არ შეიცვლის ცხოვრების წესს და არ შეცვლის კვებით ჩვევებს, ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა რომ დავდოთ, (დავიკლოთ წონაში) ისეთი მიღწევადი ვეღარ იქნება.
-ბატონო კობა, რა შემთხვევაშია ნაჩვენები ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება, რა არის რეალურად ბარიატრიული ქირურგია და რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს?
-ბარიატრიული ქირურგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მიმართულია ჭარბი წონის და მისი თანმდევი დაავადებების ქირურგიული მკურნალობისკენ. ბარიატრიულ-ქირურგიული ოპერაციების რამდენიმე ტიპი არსებობს, ესენია – რესრტიქციული, მალაფსორფციული და კომბინირებული. ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა ლაპაროსკოპიული სლივგასტრექტომია, ანუ კუჭის ვერტიკალური, სახელოსებრი რეზექცია, როდესაც ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და სწორედ ამის ხარჯზე ხდება წონაში კლება. ეს ოპერაციები არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული, ამიტომ პაციენტის ინფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამა თუ იმ დაავადებას რა შესაძლო გართულება ახლავს. თუ არ არის ოპერაციის აბსოლუტური ჩვენება, ოპერაციის დაგეგმარება პაციენტთან არ შეიძლება.
-რა არის აბსოლუტური ჩვენება და რა კრიტერიუმებით ვაფასებთ საჭიროა თუ არა პაციენტთან ბარიატრიული ქირურგიის გამოყენება?
-პირველ რიგში როდესაც პაციენტი მოგვმართავს, განვსაზღვრავთ სხეულის მასის ინდექსს, რომელიც ძალიან მარტივი ფორმულით გამოითვლება – კილოგრამი შეფარდებული მეტრ-კვადრატთან ანუ ავადმყოფის წონა შეფარდებული მისი სიმაღლის კვადრატთან. თუ მასის ინდექსი მეტია 40-ზე, მაშინ ეს უკვე ბარიატრიული ოპერაციის ჩვენებაა, მაგრამ თუ მასის ინდექსი არის 35 და მეტი, ამასთანავე პაციენტს აქვს თანმხლები დაავადებები, ასეთ შემთხვევაშიც ითვლება ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია მიზანშეწონილად. სიმსუქნე არის ბევრი დაავადების მაპროვოცირებელი-გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, რეპროდუქციული სისტემის, არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის, ძილის აპნოე, მეტაბოლური სინდრომი, ათეროსკლეროზული დაავადება და ასე შემდეგ. თუ პაციენტს აქვს აღნიშნული თანმხლები დაავადებები და მისი სხეულის მასის ინდექსი არის 35 და მეტი, ითვლება, რომ შესაძლებელია ბარიატრიული ოპერაციის დაგეგმვა. თუ მოგვმართავს პაციენტი, რომლის სხეულის ინდექსი არის 35-მდე და პაციენტის სურვილია გაიკეთოს ოპერაცია, ჩვენ ვეცნობით ანამნეზს და ჩავატარებთ კვლევებს და აღმოჩნდება, რომ პაციენტს აქვს ოპერაციის წინააღმდეგ ჩვენება, ყოფილა ჩვენს პრაქტიკაში შემთხვევები, რომ ოპერაციაზე უარი გვითქვამს.
-რამდენად ხშირად მოგმართავენ ასეთი პაციენტები, როდესაც გიწევთ უარის თქმა?
-დიახ, მოგვმართავენ. მათი მიზანია წონის კლება. დაიღალა ან არ შეუძლია ნუტრიციოლოგის რეკომენდაციების შესრულება, ან მიაღწია სასურველ შედეგს, მოხდა წონის კლება, მაგრამ ისევ მოიმატა, წონა ვერ შეინარჩუნა და დაღალა ამ ყველაფერმა, მაგრამ ეს არ არის ოპერაციის ჩვენება. მიდგომა ხდება კომპლექსურად და ექიმთა მთელი გუნდი მუშაობს ამ შემთხვევაში. აქ ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი, საჭიროა ბევრი სპეციალისტის ჩართულობა.
-თეონა, რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ბარიატრიული ოპერაცია ერთგვარ ხსნად ამ დაავადებისგან?
-დღეს უფრო მეტად აქტუალური ხდება დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ ბარიატრიული ქირურგიის გამოყენება. დიაბეტი, როგორც სიმსუქნე, არის ქრონიკული დაავადება და მისი განკურნება არ ხდება, არამედ ჩვენ შეგვიძლია ის გადავიყვანოთ ხანგრძლივ რემისიაში. რაც შეეხება ჩვენებებს, თუ რატომ უნდა გავიკეთოთ დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ბარიატრიული ოპერაცია, აქაც პირველ რიგში ვაფასებთ სხეულის მასის ინდექსს – თუ როგორ მკურნალობდა პაციენტი, როგორ აირჩია მკურნალობის მეთოდი და ბარიატრიული ქირურგია და სწორედ ამის შემდეგ ვწყვეტთ ჩვენ ოპერაციის საჭიროებას.
-ბატონო კობა როგორ ხდება შერჩევა, რა ტიპის ოპერაციაა საჭირო პაციენტისთვის?
-ვეცნობით პაციენტის ანამნეზს, განვსაზღვრავთ მისი სხეულის მასის ინდექსს. ვიკვლევთ აქვს თუ არა რაიმე თანმხლები დაავადებები, ვითვალისწინებთ პაციენტის ასაკს, გეგმავს თუ არა პაციენტი ორსულობას და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვარჩევთ შესაბამისად თუ რომელი ოპერაციაა პაციენტისთვის უკეთესი, რესრტიქციული თუ მალაფსორფციული. რაც შეეხება რესრტიქციულს, ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და ამასთანავე იმ ჰორმონის რაოდენობის შემცირებაც, რომელსაც შიმშილის ჰორმონს ვეძახით. შესაბამისად საკვებზე მოთხოვნილება ნაკლებია, კუჭის მოცულობა მცირდება 50-დან 150 მილილიტრამდე. ასე რომ, კუჭის მოცულობის შემცირებისა და საკვების მოთხოვნილების შემცირების ხარჯზე ხდება წონის კლება. წონის კლება ხდება ოპერაციის შემდეგ 18 თვის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებულია. მაგალითად, პირველი კვირის განმავლობაში, თუ რა ტიპის ან რა მოცულობის საკვები უნდა მიიღოს პაციენტმა. ასევე ოპერაციის შემდეგ დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდეს.
-თეონა, ზოგადად პოსტოპერაციული მოვლა რამდენად მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის მჭიდრო კონტაქტი პაციენტთან და რატომ არის ეს ასე პრინციპულად მნიშვნელოვანი კარგი შედეგისთვის?
-ზოგადად პოსტოპერაციულად და პრეოპერაციულად ენდოკრინოლოგის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ოპერაცია იგეგმება, ჩვენ ვადგენთ სიმსუქნის მიზეზს, თუ რისგან არის გამოწვეული ან ენდოკრინული პათოლოგია ხომ არ არის. ასეთია მაგალითად ჰიპოთირეოზი ან კუშინგის დაავადება, რომლებიც იწვევენ სიმსუქნეს. ამ მიზეზების დადგენის შემდეგ კი ჩვენ ვამზადებთ პაციენტს ოპერაციისთვის. ამას გარდა ვსაზღვრავთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობას, თუ აღმოჩნდა რაიმე დეფიციტი, ამასაც ვაკორექტირებთ, რადგან პოსტოპერაციულად ყველაზე ხშირად როცა საკვების შეწოვა დაქვეითებულია, ვეღარ იკვებება პაციენტი ისე როგორც იკვებებოდა ოპერაციამდე, ხშირად ვლინდება სხვადასხვა ვიტამინისა და მიკროელემენტის დეფიციტი. განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ 18 თვის განმავლობაში, აქტიურად უნდა იყოს ენდოკრინოლოგი ჩართული და პაციენტის მდგომარეობა უნდა კონტროლდებოდეს აქტიურად. დიაბეტის შემთხვევაში იმდენად კარგად რეგულირდება გლუკოზის მაჩვენებლები, რომ მედიკამენტური მკურნალობა ფაქტობრივად უნდა შეწყვიტოს პაციენტმა და რაც აუცილებლად მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს პროფესიონალის ზედამხედველობით.
-რაც შეეხება კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“- რას სთავაზობს ასეთ პაციენტებს თქვენი კლინიკა? რა შესაძლებლობები და რა პოტენციალი აქვს „ახალ სიცოცხლეს“ იმისთვის, რომ სრულყოფილად უზრუნველყოს ბარიატრიული ქირურგიის კონტინგენტის პრეოპერაციული, ოპერაციული და პოსტოპერაციული მოვლა?
-კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ასევე პროფესიონალ ექიმთა გუნდით. თქვენ იცით, რომ ბარიატრია არის მულტიდისციპლინური დარგი. ტექნიკური თვალსაზრისით, არის სრულიად გამართული როგორც პრეოპერაციულად, ინტრაოპერაციულად ასევე პოსტოპერაციულად. ყველა შესაძლებლობა აქვს პაციენტს და ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ მოვემსახუროთ ჩვენს პაციენტებს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და არ არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლის აუცილებლობა ამ კუთხით.