LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სისტემა არ ემორჩილება სასამართლოს”- თამაზ ახობაძემ შიმშილობა დაიწყო

150
tamazaxobaze

თამაზ ახობაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია-ში განმარტავენ, რომ თამაზს პროტესტის ამ ფორმის არჩევა სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ აიძულა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობაში გამოიხატა.

“როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საიას დახმარებით, თამაზ ახობაძემ ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულა დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ (მათ შორის, ორჯერ უზენაეს სასამართლოში) და დაამტკიცა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა კონკრეტული თანამდებობის პირების სუბიექტურმა დამოკიდებულებამ, რაც არ იყო კავშირში დასაქმებულის მუშაობის ხარისხთან და მის კომპეტენციასთან. მრავალწლიანი სასამართლო დავა საბოლოოდ 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თამაზ ახობაძის სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:

– იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დანაშაულის პრევენციის ცენტრს – დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, აღადგინოს თამაზ ახობაძე სამსახურში და აუნაზღაუროს მას განაცდური ხელფასი;

– აღსრულების ეროვნულ ბიუროს – მიიღოს შესაბამისი ზომები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად;

– საქართველოს პროკურატურის ორგანოებს – წინამდებარე საქმეზე დაიწყონ გამოძიება და დაადგინონ, რამდენად იკვეთება დანაშაულის ნიშნები შესაბამისი პირების ქმედებებში,”- აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

სოციალურ ქსელის მომხმარებელი გიორგი შიუკაშვილი “ფეისბუქზე” თამაზ ახობაძის ფოტოს ავრცელებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან არის გადაღებული.

“წარმოიდგინეთ, სისტემას მოუგეთ სასამართლო, საქართველოში. ხო, რთული წარმოსადგენია?! ახლა, წარმოიდგინეთ, სისტემას ორჯერ მოუგეთ სასამართლო, საქართველოში. ხო, უფრო რთული წარმოსადგენია?! ახლა, წარმოიდგინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისტემას ორჯერ მოუგეთ სასამართლო, სისტემა არ ემორჩილება სასამართლოს. არაა ხო ძნელი წარმოსადგენი?! იმიტომ რომ საქართველოა.

აი, ეს მადარდებს მე. თორე 5 წლის წინ სადაც ვმუშაობდი, იქ მუშაობაზე არ ვოცნებობ”

შიმშილობის პირველი დღე”,- წერს გიორგი შიუკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g