საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშით პარლამენტის ტრიბუნასთან წარსდგება, თუმცა მინისტრი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში მისი ვიზიტი იქნება საქმიანი და არ აპირებს პოლიტიკური შოუს გამართვას. მინისტრმა ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუსთვის” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
პრემიერის შესაძლო გადადგომაზე
მინისტრმა ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მთავრობის მეთაურის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით. ტიკარაძემ მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებს ცრუ ინფორმაცია უწოდა:
„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში“.
ჯანდაცვის სისტემაში გამოკვეთილ ხარვეზებზე
მინისტრმა განმარტა, რომ უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას. მისი თქმით, სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული სახის ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზე სამინისტრო მუშაობას დაიწყებს.
„ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველივე ამას მეტად გლობალურად მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში ის შეძლებს, გასცეს შესაბამისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. ვიგულისხმე ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“.
გეგმიური ოპერაციების რაოდენობის შემცირებაზე
დღეის მონაცემებით ჯანდაცვის სამინისტრომ 52 000 განაცხადი დაადასტურა, რაც ნიშნავს 70%-ზე მეტი მოქალაქეების განცხადების დაკმაყოფილებას. მინისტრი ქვეყანაში ამერიკული და ევროპული ჯანდაცვის პრაქტიკის დანერგვას აპირებს, რომლის მიხედვით გეგმიური ოპერაციები გადაიხედება და შესაძლებლობის მიხედვით კონსერვატიული მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ.
“520-ე დადგენილება იყო ეფექტიანი და მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენმა მოქალაქეებმა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში უნდა მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. სამინისტროში 52 000 განცხადებაა დაფინანსებული. 22 მაისის შემდეგ კი კიდევ დამატებით 6 400 განცხადება დავადასტურეთ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ შესამაბისი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა, ამიტომ ბრალდებებს არ მივიღებ. რაც შეეხება გეგმიურ უპერაციებს, ვაპირებთ დავნერგოთ ამერიკული და ევროპული პრაქტიკა, სადაც კონსერვატიული მკურნალობის პრიორიტეტს გამოვიყენებთ და ქირუქგიული ჩარევის აუცილებლობის გარდა, პაციენტებს მკურნალობის შესაბამის მომსახურეობას გავუწევთ” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.
სამინისტროს სტრატეგიული გეგმა
მინისტრის პასუხი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანების საერთო რიცხვსა და მათი საკარანტინე ზონაში გადაყვანასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ყველა ნაბიჯი მოაქციოს კანონის ფარგლებში.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად სისტემის სამომავლო გეგმებს, მინისტრის განმარტებით, რამდენიმე დღეში სტრატეგიული გეგმის წარდგენა მოხდება.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ბევრად უფრო კომპლექსური. რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სწორედ იმ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად გაიწერება რა ღონისძიებებია დაგეგმილი მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, როგორც ხარისხობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში“, – აღნიშნა მინისტრმა.