LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე“ – მწერლები და ლიტერატორები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ

170
ფორტუნა - 2023-03-14T123316.071

ჩვენს მოძრაობას უერთდება უამრავი ადამიანი, შეუერთდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, ადვოკატები და ექიმები, რაც ყველაზე საამაყოა უერთდებიან მწერლები და ლიტერატორები, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა.

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად „მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და მის პატიმრობაზე საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. განცხადება დედაენის ბაღში გაკეთდა.

მოძრაობის წევრების შეფასებით ნიკა გვარამია უსამართლოდ არის დაკავებული, ამიტომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება. მათი თქმით, გვარამიას პატიმრობა საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, მედიას და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

როგორც მწერალმა და დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„ჩვენ, ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მე-7 პუნქტი გულისხმობს კრიტიკული მედიის დაცულობას. თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია.

ჩვენ გვაქვს აღქმა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო სწორედ ერთ-ერთი აქტი იმისა, რომ საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისთვის, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. აპრილის ბოლოს იქნება შუალედური დასკვნა, რამდენად აღასრულა საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები. ნიკა გვარამიას ფაქტორი პირდაპირ დაკავშირებულია მედიასთან და ევროკავშირის რეკომენდაციის მე-7 პუნქტთან.

ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, აღასრულოს ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს საგნობრივ ქმედებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯი გადადგას და ნიკა გვარამია შეიწყალოს”, – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გასული წლის  სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა მას ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება.

magti 5g