ცნობილი ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გვიზიარებს, როგორი წელი იქნება ჰოროსკოპის თითოეული ნიშნისთვის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი და რას მოუტანს მათ კონკრეტულად.
ვერძისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი, ოფიციალური სტატუსის მიღების. ბევრი მათგანი დაოჯახდება. ვინც წყვილში არ არის, შესაძლოა, რაზეც ადრე თვალს ვერ დახუჭავდა, ძალიან ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს და წყვილში შევიდეს. ვერძი ძალიან თავისნათქვამა და ეგოისტია ურთიერთობებში. შესაძლოა, 2026 წელს ემოციურად გაიზარდოს და გააცნობიეროს, რომ რაღაცის ნაწილი უნდა იყოს, რადგან წყვილში ყოფნა ერთი მთლიანის ნაწილია. ერთადერთი, მნიშვნელოვანია, რომ თავი არ დაკარგოს, რადგან ზოგიერთი ვერძის შემთხვევაში იქნება იმის რისკიც, რომ ზედმეტად დაკარგოს თავი. ეს წელი ბალანსის დაჭერისაა და მოსალოდნელია უკიდურესობებში გადავარდნაც. ვინც წყვილშია, პირიქით, არაფერს მოითმენს, რასაც ადრე ითმენდა. იქნება ბევრი ქორწინება და განქორწინება. განსაკუთრებულად აგვისტოდან ნოემბრამდე აქვთ აქტიური ფაზა. კარიერაში ტრიუმფალურია ბევრისთვის, ახალი ეტაპი დადგება საქმიანობაში.
კუროსთვის არის ახალი ნაპირები სამსახურებრივი კუთხით, ძველი ნაპირიდან უნდა მოხსნას ღუზა და გაეშუროს ახლისკენ, უნდა მოძებნოს და თავი დაიმკვიდროს. თუ გაბედავს, მიხვდება, რომ დაუსრულებელი რესურსი ჰქონია. კურო არის მუდმივი რესურსის ნიშანი, უბრალოდ, მას არ უყვარს განახლება. ახალ-ახალი ადგილების პოვნა, სიახლეების მოსინჯვა. 2026 წელი მისთვის შიშების გადალახვის წელიწადია. ზოგიერთი იძულებული გახდება, პარტნიორის გამო ტრანსფორმირდეს, მისი მოთხოვნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად მოუწევს კომპრომისების ნახვა. ამ შემთხვევაშიც გაიზრდება, ოღონდ ცოტა რთულად…
ტყუპების ცხოვრებაში მოდის ახალი სტატუსი, პარადიგმების გადაგეგმვა, იმისი, რისაც ადრე სჯეროდა, ახლა აღარ დაიჯერებს. ვიღაც დაიჯერებს სასწაულების, ვიღაც პირიქით, – განიხიბლება. ახალი ჯგუფების, გუნდების და კოლექტივების დროა, ისევე, როგორც ახალი ინტერესების. თუ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, ეს ტყუპების ცხოვრებაში იქნება ისეთი ურთიერთობა, რაც არასდროს ჰქონია – არაორდინარული ადამიანი, უცხოელი ან ურთიერთობის არასტანდარტული ფორმატი. შესაძლოა, აღმოაჩინოს, რომ მეგობარი ყოფილა მისი ინტერესის ობიექტი, ან პირად ურთიერთობას რაიმე უცნაურობა ახლდეს. ეს იქნება ყველაზე კარგი ურთიერთობა, რაც მის ცხოვრებაში ყოფილა, ოღონდ ეს არ არის ის, რაზეც ოცნებობდა, ან ის, რაც აქამდე გამოუცდია.

კირჩხიბებს აქვთ სურვილი, რომ ემოციურად ამოაფრქვიონ ყველაფერი, ასევე მოეჭიდონ ყველაფერს, რასაც არ ვურჩევდი. უნდა დაზოგონ საკუთარი უნიკალური ენერგია. ყველაფერი, რაც აქამდე გროვდებოდა მათში, უნდა, ამოაფრქვიონ, მაგრამ ეს სურვილი ჯობია, სპორტში და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში გადაიტანონ. სხეულის ჯანმრთელობას და ნერვებს მოუფრთხილდნენ. წლის მეორე ნახევარი უფრო დაფასებულები იქნებიან, ფინანსურად ცხოვრება გაუუმჯობესდებათ, გაჩნდება სიახლეები, შესაძლოა, შვილი შეეძინოთ და სხვანაირად შეხედონ ცხოვრებას. წლის პირველი ნახევარია ცოტა კრიტიკული, შესაძლოა, რაც დაგეგმილია, ისე არ წავიდეს ყველაფერი. ურთიერთობებში წლის პირველ ნაწილში მოულოდნელობები იქნება, ან გარემოებებიდან ან პარტნიორიდან გამომდინარე აირიოს, ან თავად გაუჩნდეს არევის სურვილი.
ლომისთვის ახალი წელი ყველა გაგებით, განსაკუთრებით პარტნიორულში, გამოწვევებითაა სავსე. საკუთარი თავის გაცნობიერებას დაიწყებს, ვინ ვარ და როგორ გამოვიყურები სხვების თვალში. ბევრთან კრიტიკულად დადგება სამსახურის რუტინის საკითხი. დრო დადგა, ლომებმა შეცვალონ სამსახური. ყოველდღიური რუტინა არის შესაცვლელი, ბევრი მათგანი წავა ფრილანსერობისკენ. ან თავისუფალი შემოქმედება, ან დავრჩე იქ, სადაც ვარ და ვიყო ავად ფსიქოლოგიურად – აი, ეს არჩევანია. რაღაცას რომ დაიწყებს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იმ მომენტშივე ყველაფერი გამოვა, თუმცა არც საკუთარი თავის რწმენა უნდა დაკარგოს. ზაფხულამდე პატარ-პატარა აგურები უნდა დადოს, ზაფხულიდან მიხვდება, რომ თანდათან ყველაფერი გამოდის. იგივე ეხება შვილებთან, განსაკუთრებით, უფროს შვილებთან ურთიერთობასაც. შეიძლება, იყოს სირთულეები ამ მიმართულებით. აქაც ყველაფერი თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული. დღეს დავუთმე, ხვალ გავუბრაზდი – ეს პრობლემა იქნება. საჭირო იქნება ამის დაბალანსება, თანმიმდევრულობა, სიყვარულშიც, შვილებთან ურთიერთობაშიც და საქმეშიც. რასაც გადაწყვეტს, იმ გზას უნდა მიჰყვეს. ზაფხულიდან ძალიან კარგი პერიოდია, რომ ყველა მიმართულებით იპოვონ თავი, სიყვარულშიც კარგი პერიოდია, უბრალოდ, მოუწევთ მყარი არჩევანის გაკეთება.
ქალწულებისთვისს წლის პირველ ნახევარში აქტუალური იქნება ურთიერთობები მეგობრებთან, აქ შეიძლება იყოს განვითარებაც, ახალი გუნდებისა და კოლექტივების სახით, ისევე ემოციური დამოკიდებულებები – შესაძლოა, გადალაგდეს სანაცნობო წრე, მათ შორის სანათესავოსთან ურთიერთობაც, გამომჟღავნდეს უთქმელი პრეტენზიები. ყველაფერი, რაც ეხება ფულს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღოს საკუთარ თავზე, როდესაც საუბარი იქნება მის საკუთარ შემოსავალზე. მეგობრებთან წყენის მომენტიც შეიძლება, ფულს უკავშირდებოდეს. ქალწულმა სწორად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, საკუთარ გაცემულ და მიღებულ რესურსებზე. შესაძლოა, ვალის დაბრუნება მოსთხოვონ. წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაფიქრდეს ახალი შემოსავლების წყაროებზე. ბევრი ქალწული გადაწყვეტს უცხოეთში გადასვლას საცხოვრებლად. თუ გადაწყვიტე, უკან აღარ უნდა მოიხედო, რადგან კარი დაიხურება. თანმიმდევრულობა და საკუთარი თავის რწმენა აქაც მნიშვნელოვანი იქნება. უნდა მიაქციონ ყურადღება იურიდიულ საკითხებსა და საერთო ფინანსებს, რაც შეიძლება იყოს წყალგამყოფი. შესაძლოა, შევიდნენ ახალ ურთიერთობაში, სადაც დაიწყებენ ახალ ბიზნესს. პარტნიორებს დიდი მნიშვნელობა ექნებათ, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან – შესაძლოა, იყოს სიყვარული მანძილზე, ურთიერთობა, რომელსაც თავიდან აფიშირებას არ უწევენ.

სასწორის ნიშანთან ასევე მოდის ახალი სტატუსი, პრაქტიკაზე სწავლა, ახალი ცოდნის მიღება, ახალი და ბევრი საინტერესო ადამიანი, რომელიც საკუთარ მაგალითზე ასწავლის რაღაცას. ბევრის ცხოვრება შეიცვლება, გადაადგილებები იქნება საზღვარგარეთ. ბევრთან პირადი და პარტნიორული ურთიერთობები იცვლება, კარგი ვარიანტები მოდის, ააშენონ აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობები. ბევრი მათგანი დაოჯახდება, ბევრი დატოვებს ძველ სამსახურს და დაიწყებს ახალს, გარდამტეხი პერიოდი დაუდგებათ. ზაფხულიდან მათი ჩვეული რუტინა მკვეთრად შეიცვლება. უფრო მეტად მულტიფუნქციური გახდება ზაფხულიდან, უბრალოდ, კარგია, თუ თავს არ გადაიწვავენ. ზოგთან დაოჯახების გამო მოიმატებს დატვირთვა, ზოგთან – სამსახურებრივი ცვლილებების გამო. ერთიანად კარგი წელიწადია, მაგრამ პასუხისმგებლობების აღება მოუწევთ. ზოგიერთი შესაძლოა, განქორწინდეს. ელოდებათ ფინანსების ახალი გამომუშავების წყაროები. ზოგთან შესაძლებელია ქონების გაორება, მაგალითად, განქორწინების დროს ქონების გაყოფა, ზოგთან – პირიქით, შესაძლოა, მოხდეს დუბლირება. ორ სახლად ცხოვრება წლის მეორე ნახევრიდან აქტუალურია, ერთი-ორი წელი შეიძლება ასე გაგრძელდეს, დაახლოებით 2028 წლამდე. შესაძლოა, საცხოვრებელზე ედავებოდეს ყოფილ მეუღლეს, ამიტომაც ნეგატივიც შეიძლება იყოს ამ კუთხით.
მორიელი ძალიან ბევრ რამეს ცვლის, არის დიდი ფინანსური ფაქტორები, მისი შემოსავლები შეიძლება დაიყოს ერთი მსხვილი შემოსავლიდან პატარ-პატარად, მაგრამ შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს მთლიანობაში. რა გამოცდილება და ფინანსებიც აქამდე დააგროვა და თუ ასაკით დიდია, შეუძლია, სხვას გადააბაროს საქმე… გრაფიკის შემსუბუქება ელოდება. მორიელის შემთხვევაში რაღაც სიტუაციების კონტროლს ხელი უნდა გაუშვას, კონტროლი მორიელს ძალიან უყვარს. 2025 წელს უკვე ჰქონდათ პრობლემა დებთან, ძმებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით, ასაკით უმცროსებთან მტრობა იჩენდა თავს. შესაძლოა, ასეთი ადამიანები მის გარშემო გაბევრდნენ. კომუნიკაცია, ბიუროკრატია – თუ მასზე პატარა ადამიანი, ყველა გაგებით, დაჩაგრა, გაბევრდებიან. ამან შესაძლოა, დაარტყას მის რეპუტაციას, შესაძლოა, მატერიალურს. კარგია, თუ გაითვალისწინებს ამას და მასზე უმცროსებს არ დაჩაგრავს. მეორე მხრივ, სამსახურებრივი კუთხით შეუძლია გააუმჯობესოს ურთიერთობები. მორიელის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს და საჭესთან იყოს ფრთხილად. კარგი პერიოდია სიახლეებისთვის ტექნიკური მიმართულებით, მანქანის გამოცვლა, ახალი გაჯეტების ყიდვა სარფიანად. ინვესტიციის ჩადებით დიდი შემოსავლის მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, – ამისთვის კარგი შანსებია, მაგრამ არის წაგების შესაძლებლობაც, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, წლის მეორე ნახევარში უფრო მომგებიანი იქნება. თუ მორიელს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მოძებნის და იპოვის მკურნალობის ალტერნატიულ გზას, ბევრი მორიელი გამოჯანმრთელდება. ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩვევების მოშორება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი დაიწყებს კერძო საქმიანობას, თუკი ასაკით პატარაა, ესეც ეფექტურია, მაგრამ ყოველდღიურად ნელ-ნელა უნდა დაიწყოს შენება. მორიელები აუცილებლად უნდა დაკავდნენ თვითგანვითარებით და წინ წაიწევენ სამსახურებრივ კიბეზე.
მშვილდოსანთან ძალიან მნიშვნელოვანი წელია სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის. ბევრი შეიძლება ძალიან სწრაფად დაოჯახდეს, განსაკუთრებით აგვისტოს შემდგომ პერიოდში. ვიღაცასთან ბავშვი გაჩნდება, დაიწყება შემოქმედებითი პროექტები, მომგებიანი იქნება გასართობ ინდუსტრიაში საქმიანობა, მომღერლებისა და მსახიობებისთვის ძალიან წარმატებული წელიწადია. მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებს ვურჩევ, დაალაგონ ოჯახური ურთიერთობები, დაეყრდნონ ოჯახის წევრებს, მოუფრთხილდნენ, მათთან ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამისი დიდი შანსი აქვთ. ვიღაც შესაძლოა, დაბრუნდეს ემიგრაციიდან, ვიღაც კი, პირიქით, წავიდეს საზღვარგარეთ და შეუერთდეს ოჯახს. მშვილდოსნებთან მოდის ახალი სამყარო, ახალი გამოცდილება…
თხის რქებთან დადგა დრო, გამოიმუშაონ ფული, შეიცვალოს მათი შესაძლებლობები ფინანსური კუთხით. დიდი ფულის გამომუშავება მიბმულია საკუთარ რესურსებზე, ძველი ხედვები უნდა გაუშვას, ეს ეხება იმას, რის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. თუ არ უვლიდნენ ჯანმრთელობას და არ ისვენებდნენ სამსახურისგან, ასეთ თხის რქებს სრულად შეეცვლებათ წარმოდგენა და მიდგომები საკუთარი თავისადმი. ზოგთან შესაძლოა, გააქტიურდეს ჯანმრთელობის პრობლემებიც და აქედან გამომდინარე გააცნობიერონ, რომ საკუთარ თავი უნდა გაიხსენონ. როცა შეეცვლებათ დამოკიდებულება, შეიცვლება ფინანსების თემაც. სიყვარულთან დაკავშირებით თხის რქებთან დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წელი, ცოტა რთული გადაწყვეტილებებია. ვიღაც ბოლო წლები მთლიანად უძღვნიდა თავს სამსახურს – ახალი წელი დააყენებს არჩევანის წინაშე, რომ სამსახურს დრო მოაკლოს და მეტი დრო გაატაროს საყვარელ ადამიანთან, მას ამ პირობას საყვარელი ადამიანი წაუყენებს. ვიღაცასთან კი პირიქით მოხდება, მეტ დროს ატარებდა ოჯახთან და გადაწყვეტს, სამსახურს უფრო მეტი დრო დაუთმოს, რაც ურთიერთობებში პრობლემებს შექმნის. რთული ბალანსის წელიწადი ექნებათ. 2026 წელი მათგან ითხოვს, იყვნენ პროცესში, ოჯახთან ხარ, ოჯახს დაუთმე დრო, სამსახურში ხარ, სამსახურს. ამ წელს მარტივად უნდა შეხედონ საკითხებს. ასე თუ შეხედავენ, სამსახურითაც ისიამოვნებენ და ოჯახითაც. რუტინის მიმართ დამოკიდებულებებიც შეეცვლებათ და ხედვებიც. ეს ცვლილებები არის საკვანძო და ფუნდამენტური, მომავალში ძალიან კარგ შედეგებს მისცემს, მიხვდებიან, რომ მტკივნეული ცვლილებები საჭირო ყოფილა, ამას განსაკუთრებით მიხვდებიან 2028 წლიდან.

მერწყულებმა საკუთარი თავი უნდა შეცვალონ. მტკივნეული ან მძაფრი ცვლილებები ელოდებათ. მერწყული აპრილის შემდეგ საბოლოოდ თავისუფლდება ცხოვრების სტილიდან, ან მოვალეობებიდან, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში იქცა მისი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად, თუმცა მისი არ იყო. ბოლო წლები ამას მიეჩვია და შეიძლება, ხელის გაშვება საერთოდ არ უნდოდეს. ზოგი გათავისუფლდება ჩვეული ცხოვრების წესისგან, ფინანსური ვალდებულებებისგან, ტოქსიკური ურთიერთობებისგან. აპრილი-მაისიდან ექნებათ რამდენიმე ახალი გზა, ალტერნატივები, ოღონდ უნდა სცადონ, თუ არ სცადე, ვერ გაიგებ, რა გამოდის და რა – არა. მერწყულს ამოსდის ახალი ფრთები, მაგრამ ფრთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაშლის, თუ მუხლები არ უკანკალებს. ეს წელიწადი ასწავლის, რომ დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, ოღონდ – მარტოობაში. მარტო რომ დარჩება, მის ხედვებსა და გაცნობიერებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბევრი აღმოაჩენს, რომ ურთიერთობებშიც ტრანსფორმირდა. უნდა გაბედოს, გარისკოს და მოდის ახალი ცხოვრება. ამოტივტივდება ძველი წყენები, რაც მიბმული იქნება ძველ ამბებზე, მოუწევს გაცნობიერება, საუბრები, უფრო გაზაფხულამდე და მერე მორჩება ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში. დაიწყება აბსოლუტურად ახალი ცხოვრება… მერწყულისთვის რთული და გამოწვევების წელიწადია, პლუტონია მერწყულში, ამიტომ ან უნდა შეიცვალოს, ან ფსიქოლოგიურად დაინგრეს. ბევრი მოახერხებს შეცვლას. წლის აუთსაიდერი არ არის, მაგრამ ტრანსფორმაციული წელიწადი ელოდება.
თევზებთან დადგა პერიოდი, მეოცნებეობიდან გადავიდეს რეალურ საქმეზე. აბა, გვაჩვენე, რა ოცნებები გაქვს – ეს ფრაზა არის მთავარი. ყველაფერი გამოუვათ, არის ოცნებების ასრულების წელიწადი. თევზების შემთხვევაში იცვლება ფინანსური ხაზი, ჩნდება შიშები ამ კუთხით, ძველი ცხოვრების წესი ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიზეზით, აღარ ექნებათ. პირველი წინაპირობები 2025 წლის გაზაფხულზე იყო, უკვე დაუყენა ცხოვრებამ ეს არჩევანი. ეს არის თევზებისთვის ქამრების შემოჭერის წელიწადი, ის სთხოვს რესურსების ჩადებას საკუთარ თავში, განავითარე შენი თავი, რასაც ამ ორ წელიწადში განავითარებ, 2028 წლიდან მზარდ შემოსავლებს მოგიტანს. უნდა ჩადოს რესურსები ურთიერთობებშიც, თუ ამ ორი წლის განმავლობაში ვინმე აირჩია, უნდა იშრომოს, ისმის კითხვა, შეძლებს თუ არა, არჩევანისთვის იომოს, იბრძოლოს, ამ არჩევანის დაცვის პერიოდი იწყება პირადში. ურთიერთობები გაივლის გამოცდას, 2023 წლიდან თუ ვინმე აირჩიეს, იქ ბავშვი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს კონფლიქტებიც, თუმცა 2026 წელს თევზებისთვის ყველაზე მეტად მაინც ფინანსური თემები იქნება აქტუალური.
ფოტო: დათუნა აგასი
