LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარულით ჩაეხუტა ბუბას და მორიდებით ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ემღერა მისი სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“ – სოსო აბზიანიძე და ივანა მელაი „არტ-FM“-ში

236
ივანა-მელაი

26 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM-ს“ პროდიუსერი სოსო აბზიანიძე და მომღერალი ივანა მელაი სტუმრობდნენ ცნობილი სიმღერის „ჩიტო-გვრიტოს“ ახალი ვერსიის პრემიერით, რომლის კლიპმა უკვე მოიპოვა პოპულარობა YouTube-სა და უკრაინულ მუსიკალურ არხზე.  

ჩანაწერის ნახვა

(სოსო აბზიანიძე) ეს პირველი ინტერვიუა ბუბა კიკაბიძის გარეშე, რაზეც ძალიან გული მტკივა, თუმცა უფლება არ მქონდა უყურადღებოდ დამეტოვებინა ივანა, რომელიც ბუბას მეგობრის შვილია. ივანას მამას 3 წლის წინ შევხვდი ბათუმში, მაშინ გავიცანი ივანაც, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა, სიყვარულით ჩაეხუტა ბუბას და მორიდებით ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ემღერა მისი სიმღერა „ჩიტო-გვრიტო“. რა თქმა უნდა, ბუბამ მისცა უფლება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ქართულად იმღერებდა. ივანა მეორე მომღერალია, პირველი ემინი იყო, რომელიც ბუბამ ქართულად აამღერა.

სხვათა შორის, ბევრ ქალაქში არსებობს ბუბა კიკაბიძის სახელობის ქუჩა. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ლვოვში, ოდესაში, ბაქოსა და ალმა-ათშიც გაჩნდება, ამიტომ ძალიან მინდა ვთხოვო თბილისის მერს, რომ იქნებ სოლოლაკშიც გაკეთდეს ბუბას სახელობის ქუჩა, რადგან სწორედ იქ დაიბადა და გაიზარდა.

სიამოვნებით მინდა გავიხსენო ბატონ გურამ ჩიგოგიძის და ჩვენი, განსაკუთრებით ბუბას მეგობრობა. ყოველთვის სიხარულით ვსტუმრობდით „ფორტუნას“ და ბატონ გურამს, რომელიც ყოველთვის ხელგაშლილი გვხვდებოდა და აუცილებლად ერთი ბოთლი კონიაკით გვასაჩუქრებდა.

(ივანა მელაი) „ჩიტო-გვრიტომ“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სიმღერის შესრულება და მისთვის მეორე სიცოცხლის ჩუქება, რათა ახალ თაობასაც გაეცნო და ისევე შეჰყვარებოდა, როგორც ჩვენ გვიყვარს. მართალია, ბუბა კიკაბიძე ჩვენს გვერდით აღარაა, მაგრამ მისი შემოქმედება ყოველთვის იცოცხლებს. მინდა, რომ „ჩიტო-გვრიტოს“ ჩემეული ვერსია ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც ბატონი ვახტანგის ორიგინალი იყო 30 წლის წინ.

(სოსო აბზიანიძე) ძალიან საინტერესო და ლამაზი გამოვიდა სიმღერაზე შექმნილი კლიპი, რომელიც არაჩვეულებრივ ფერებში და სრულიად ახალი სტილით შეიქმნა. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი, რომ ასეთი კარგი გამოვიდოდა. ვფიქრობ, ახალგაზრდები სიამოვნებით ნახავენ და მათაც ძალიან მოეწონებათ.

(ივანა მელაი) ბუბა კიკაბიძე ძალიან პროგრესული ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ, მასაც მოეწონებოდა ჩვენი კლიპი. რა თქმა უნდა, საქართველოს მდიდარი ტრადიციები აქვს, მაგრამ სიმღერა უფრო თანამედროვე და პროგრესული გამოვიდა, რათა ახლობელი და მისაღები ყოფილიყო ახალი თაობისთვის. უკრაინელებს ყოველთვის ძალიან უყვარდათ „ჩიტო-გვრიტო“, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიდეოც ძალიან მოეწონათ. ყოველთვის მინდოდა ბუბასთან ერთად სიმღერის გაკეთება, ახლა კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმღერით როგორც იქნა შედგა ივანა მელაის და ვახტანგ კიკაბიძის დუეტი.

სხვათა შორის, ორ კვირაში „ჩიტო-გვრიტოს“ კლიპის პრემიერა ნიუ-იორკში, თაიმს-სქვერზე შედგება. იმედი მაქვს ქართველები და უკრაინელები მასიურად შეიკრიბებიან ჩემს მხარდასაჭერად და ყველა ერთად ვნახავთ ლეგენდარული ვახტანგ კიკაბიძის სიმღერაზე შექმნილ ვიდეოს.

რამდენიმე კვირის წინ ჩიკაგოში მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს და საქართველოს, რომლებიც უზარმაზარ დახმარებას უწევენ უკრაინას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები