LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლები, რომლებშიც ბიჭები გოგოდ ყოფნას სწავლობენ და პირიქით – გენდერული სტერეოტიპების ნგრევა

ელია სხვების მერხებს გადაახტა, ჰაერში მუშტები გაიქნია და კლასელების წინ, ლურჯ ხალიჩაზე დახტა. “მე ძლიერი ვარ” – თქვა 3 წლის გოგონამ, რომლის თვალებშიც სიამაყე და ენერგია ჩანს.

ამ ბაგა-ბაღის მოპირდაპირე მხარეს, ბიჭები ხელების ნაზად გამოყენებას სწავლობენ და ლოსიონით ერთმანეთის დამასაჟებაში ვარჯიშობენ.

ისლანდია გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, მაგრამ ჰჯალის სწავლების მოდელი, რომელიც ბაგა-ბაღებში ასეთ პრაქტიკულ სწავლებებს გულისხმობს, ისლანდიისთვისაც კი პროგრესულია.

1989 წელს ეს სკოლა რადიკალმა ფემინისტმა მარგარეტ პაას ალაფსდოთტმა დააარსა და მისი მიზანი გენდერული როლებისა და ქცევის წინააღმდეგ ბრძოლაა.

გოგონები და ბიჭები აქ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ცალ-ცალკე არიან. ისინი საპირისპირო სქესთან ასოცირებული აქტივობებით “კომპენსაციას” აკეთებენ.

“საუკეთესო გზა თანასწორობისთვის, განსხვავებების აღიარებაა,” – აცხადებს მარგარეტ პაას ალაფსდოთტი.

ჰჯალის თეორიის თანახმად, გოგოებმაც და ბიჭებმაც საკუთარი პიროვნება, ყოველგვარი სტერეოტიპის, ზეწოლებისა და შეზღუდვის გარეშე უნდა განავითარონ.

სასწავლებლის სათამაშოები გენდერულად ნეიტრალურია, უნიფორმები კი, გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც – ერთნაირი.

მარგარეტი ფიქრობს, რომ თუ გოგონები და ბიჭები სკოლამდელ ასაკში, მხოლოდ მათ სქესთან ასოცირებული აქტივობებით დაკავდებიან, არის რისკი, რომ ისინი “ვარდისფერისა და ცისფერის” ნისლში ჩაიძირებიან.

მისი თქმით, გენდერული სპექტრიდან ორი პოლუსის აღმოჩენა, ეს ის არის, რაც თითოეული გენდერის სისუსტეს სიძლიერედ აქცევს.

“გოგონების მგრძნობიარე და მზრუნველი ბუნება შესაძლოა, გახდეს თვითუკმაყოფილების და მსხვერპლად ყოფნის მიზეზი, როცა ბიჭების ძალა და ძალაუფლება შესაძლოა, აგრესიად და ძალადობადაც იქცეს,” – აცხადებს მარგარეტი.

მარგარეტ პაას ალაფსდოთტი

მასწავლებელმა ამ განსხვავებული იდეების გავრცელება დაიწყო. ეს საკმაოდ საკამათო ექსპერიმენტი, ახლა საკმაოდ წარმატებულია ამ ნაკლებად დასახლებულ კუნძულ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 338,000 ადამიანს შეადგენს.

სკოლის დაარსებიდან, დაახლოებით სამ ათწლეულში, ბაგა-ბაღების ასაკის ბავშვებიდან 8% სწორედ ჰჯალის სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.

 

“თოჯინები მხოლოდ ბიჭებისთვის”

ერთ-ერთ ასეთ დაწყებით სკოლაში, ორი 9 წლის ბიჭი თავს ძიძად წარმოაჩენს.

“ბავშვებს ვამზადებთ, რადგან მათი მშობლები მალე მოვლენ,” – ამბობს ოლი და გენდერულად ნეიტრალურ რბილ თოჯინებს ერთმანეთის მიყოლებით, მაგიდის ქვეშ, წარმოსახვით საწოლში აწვენს.

“აი ასე უნდა დაიჭირო,” – ამბობს მისი კლასელი ერი ლილჯანი და თოჯინა მკლავებში ჰყავს მოქცეული.

ოთახში, სხვადასხვა კუთხეში, სხვა ბიჭები ერთმანეთს ვარცხნილობას, მანიკურს ან მთლიანი ტანის მასაჟს უკეთებენ.

“თოჯინები მხოლოდ ბიჭებისაა, გოგონებს ამაში ვარჯიში არ სჭირდებათ,” – ამბობს მასწავლებელი კრისინ კარვევი და განმარტავს, რომ “გენდერული კომპენსაციის” გაკვეთილებს საჭიროების მიხედვით, კლასში კვირაში ერთხელ ატარებს.

მასწავლებლების მიზანია, გააძლიეროს ბიჭებში თანაგრძნობა და ზრუნვა, როცა გოგონებს სიმამაცესა და თავდაჯერებულობას ასწავლიან, თოვლში შიშველი ფეხებით სირბილით, ყვირილით და იმის ხმამაღლა გამოხატვით, რასაც გრძნობენ.

“პირველი ცვლადი ცხოვრებაში გენდერია,” – ამბობს ალაფსდოთტი და განმარტავს, რომ ბავშვები ყოველთვის უყურებენ განსხვავებულ სქესს, როგორც მაგალითს, რა არ უნდა გააკეთონ. ამას ალაფსდოთტი “სარკის შებრუნებას” უწოდებს.

“დარტყმა და ტკივილის მიყენება, ბიჭების უკიდურესი სისუსტეა და ეს “ლურჯ ნისლში” უნდა ჩაიძიროს,” – აცხადებს ის.

 

სკოლის უკან, ტყეში, გოგონებს სხვადასხვა აქტივობებში უწევთ თავის გამოცდა, როგორიცაა ხეებზე და კედლებზე ცოცვა.

“მე სიმაღლის მეშინია,” – თქვა კლასში ერთმა გოგონამ და ამის გამო, მასწავლებელმა ედა ლულდმა დაავალა, რომ სიმაღლეზე 100-ჯერ ასულიყო.

მანამდე, ედა ჰულდს ერთმა გოგონამ ხიდან ჩამოსვლაში დახმარება სთხოვა, თუმცა მასწავლებელმა მიუგო – “დახმარება არ გჭირდება, თავად ჩამოხვალ ხიდან”.

ახლოს ორი გოგონა ჩურჩულებს, მასწავლებელი ამბობს: “მე მათ თვალი გავუსწორე და უნდა გადაწყვიტონ, რომ მე მითხრან რაც უნდათ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი პირდაპირები იყვნენ.” ის ასევე ამბობს, რომ გოგონების “ექსტრემალური სისუსტე” ტირილია, რომელიც “ვარდისფერ ნისლში” უნდა ჩაიძიროს.

სამი თაობა

ბარის რიგჰილდარდოტირი ჰჯალის ბაგა-ბაღის პირველ აღსაზრდელებს შორის იყო. ის ნათლად იხსენებს მერხებზე ხტომას და თოვლში ფეხშიშველი სიარულს. “ამან გამბედაობა მომცა, მასწავლა, რომ გამოწვევების არ უნდა მეშინოდეს”.

31 წლის ბარისს ახლა ჰჯალის სკოლაში, მისი შვილი მიჰყავს. ამბობს, რომ ამ სკოლამ ცხოვრებისთვის კარგად შეამზადა. ფიქრობს, რომ სკოლის დამსახურებაა, რომ კომპიუტერული მეცნიერებები ისწავლა. ამჟამად ტელეკომუნიკაციების კომპანიაში პროექტების მენეჯერია.

“შეხვედრებზე ყოველთვის მარტო მე ვიყავი გოგო, თუმცა ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა,” – ყვება ბარისი.

ტრადიციული როლები

გოგონებს, რომლებიც ტყეში სხვადასხვა რთულ აქტივობებს ეჭიდებიან, ზღაპრებიც სხვანაირი აქვთ. ისინი კვლავ პრინცესებად წარმოიდგენენ თავს, თუმცა, თუ კოშკიდან თავის დაღწევა სურთ, პრინცს არ ელოდებიან და გადარჩენის გზას თავად ეძებენ.

 

 

“ევრონიუსის” მიხედვით მოამზადა

თამთა უთურგაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები