LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში არაჯანსაღი საკვები აღარ გაიყიდება: აქამდე სად იყავით

351

ჩიფსებს, ჟელიბონებს, შოკოლადებს და გაზიანს სასმელებს მოსწავლეები სკოლაში ვეღარ იყიდიან. სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა იკრძალება. გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით მიიღო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ჯანსაღი საკვები მოსწავლეებს დაეხმარება, საგაკვეთილო პროცესზე კონცენტრირება მოახდინონ, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მასალის მარტივად ათვისებაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებსპრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“ – აცხადებენ სამინისტროში.

 

როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია

ახალი რეგულაცია მიმდინარე კვირას მხოლოდ იმ სკოლებში ამოქმედდება, რომლებსაც ძველი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. ახალი ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდება. როგორც განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერი მაია მუშკუდიანი „ფორტუნასთან“ აცხადებს, ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა სკოლა ვალდებული იქნება აღნიშნული აკრძალვები გაითვალისწინონ.

„ყველა სკოლაში ეს რეგულაცია ასე ერთბაშად ვერ ამოქმედდება. ვისაც ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, იმისთვის ახალი პირობებით დაიდება. ვისაც უკვე დადებული აქვს ხელშეკრულება, იმათ პირობებს ვერ შევუცვლით, ეს ძალიან რთულია, ვადა რომ ამოიწურება, მერე უკვე ახალ ხელშეკრულებას ახალი პირობებით დავუდებთ“, – აცხადებს მაია მუშკუდიანი.

 

არაჯანსაღი საკვები მოზარდებში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს

ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სკოლებში არაჯანსაღი საკვების აკრძალვის მომხრეა და აცხადებს, რომ სკოლებში კვების პროცესი მაქსიმალური სიმკაცრით უნდა კონტროლდებოდეს. პედიატრი 5 ძირითად პროდუქტს ასახელებს, რომელიც ბავშვებმა აუცილებლად უნდა მიიღონ – ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, მარცვლეული და რძის პროდუქტები. როგორც მამუჩიშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, არასწორმა კვებამ შესაძლოა მოზარდებში მძიმე დაავადებები გამოიწვიოს.

„ჩიფსები – ეს არის ცოცხალი შხამი, ფერადი შხამი. დიდი რაოდენობით კონსერვატებს და საღებავებს შეიცავს, გამდიდრებულია ტრანსცხიმებით და ტრანსცხიმები არის ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. არასწორი კვება იწვევს ალერგიულ დაავადებებს, ენდოკრინულ რღვევას. მოზარდებში კვების პროცესი ძალიან დიდი სიმკაცრით უნდა გაკონტროლდეს, იმიტომ რომ ბავშვი, ეს ჩვენთვის მომავალია და საკუთარ შვილებს გენოციდი არ უნდა მოვუწყოთ“ – აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

 


აქამდე რატომ არავის არ მოუვიდა აზრად მსგავსი ინიციატივა: რას ამბობენ მშობლები

განათლების სამინისტროს ინიციატივას სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების აკრძალვასთან დაკავშირებით მხარს უჭერს მშობლების ნაწილიც.
ირინა კალანდაძის შვილი მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მშობელი მას ხშირად აფრთხილებს, რომ სკოლაში ჩიფსი და ჯანმრთელობისთვის სხვა მავნე პროდუქტი არ შეიძინოს, თუმცა მშობლის თქმით, დაზღვეული არ არის, რომ მისი შვილი გაფრთხილებას გაითვალისწინებს.

„ჩემი შვილის სკოლაში ვითარება გაუკონტროლებელია. ყველანაირ საკვებზე მიუწვდებათ ხელი. მე კი ვაფრთხილებ ჩემს შვილს, რომ არ ჭამოს, მაგრამ ის ამას ვერ გააკონტროლებს, იმიტომ რომ პატარაა. ძალიან საჭირო და ძალიან აუცილებელი ინიციატივაა. მე როგორც მშობელი მივესალმები, მაგრამ ცოტა მიკვირს, აქამდე რატომ არცერთ მინისტრს არ მოუვიდა თავში აზრად მსგავსი ინიციატივა“ – აღნიშნავს ირინა კალანდაძე.

კალანდაძის მსგავსად, სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს ცირა ჭაავაც. როგორც ჭაავა „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, მისი შვილი სკოლის ბუფეტით არ სარგებლობს, თუმცა არაჯანსაღი საკვები სკოლებში აქამდეც უნდა აკრძალულიყო.

„მე ჩემს შვილს ყოველ დილით ვატან სკოლაში საჭმელს, აქედან გამომდინარე ის სკოლის ბუფეტით არ სარგებლობს. თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება ცალსახად სწორი და მისაღებია. ის ბავშვები, ვინც სკოლის ბუფეტით სარგებლობენ, დაცულები უნდა იყვნენ“, – აცხადებს მშობელი.

გვანცა ბზიავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g