სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლას და ოპერატორებს, რომ არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს. ჯეჯელავას განცხადებით, პარალელურად, სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ კამპანიის გატარება დაიწყება.
“ბუფეტებში გარე ოპერატორები ოპერირებენ, რომლებიც ამა თუ იმ სკოლის მიმწოდებლები ტენდერის მეშვეობით ხდებიან. ეს არის კომერციული ორგანიზაციები და მათ აქვთ ინტერესი მაქსიმალური მოგება მიიღონ. მათ ინტერესს ხვდება ჩვენი, როგორც მშობლების ინტერესი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხება… ბავშვებს თვითონაც უყვართ ტკბილეული თუ სხვა არაჯანსაღი საკვები და ამის გამო, ბევრ სკოლაში ტკბილეულის, ჩიფსების, ტკბილი თუ გაზიანი წყლების ყიდვა, თავისუფლადაა შესაძლებელი. ჩვენ შევეცდებით, რომ ერთი მხრივ კამპანია გავატაროთ ახალგაზრდებში, მეორე მხრივ კი გარკვეულწილად დავარეგულიროთ ეს პროცესი და არაჯანსაღი საკვები ეტაპობრივად, სკოლის ტერიტორიიდან გაქრეს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
სკოლებში არაჯანსაღი პროდუქციის შეტანა კანონით არ განისაზღვრება. განათლების მინისტრის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა, დებულებებით ან ხელშეკრულებებით განისაზღვროს.
“ჩვენ შევეცდებით, რომ მომწოდებლებისთვის კვლავ მიმზიდველი იყოს ბუფეტებში ოპერირება და ხელი არ შევუშალოთ, როგორც ბიზნესს. მაგრამ ამავე დროს, მათი ბიზნესი ავაგოთ ჯანსაღ პრინციპებზე”, – განმარტა ჯეჯელავამ “იმედთან”.
მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხის რეგულაციებზე განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
თამთა უთურგაშვილი