თბილისის მერი დედაქალაქის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე ბაღების, სკვერებისა და მწვანე სივრცეების შექმნას სთავაზობს. კახა კალაძე განმარტავს, რომ ამ ინიციატივას თბილისის მერია მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში განახორციელებს.
“ყველა რაიონსა და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თბილისის მერია საკუთარ თავზე აიღებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. ეს, ზოგადად, მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ მოლაპარაკების პირველ ეტაპზე მოსახლეობის თანხმობა წერეთლის გამზირზე უკვე მიიღო. უწყების ცნობით, წერეთლის #93-სა და #99-ში ავტოფარეხების მესაკუთრეთა სურვილით, დემონტაჟი დაწყებულია.
დაახლოებით ერთი კვირაა, გამგებლები ინიციატივის თაობაზე მოსახლეობას ხვდებიან და მათ შეხედულებებს ისმენენ. ამავე საკითხზე “ფორტუნამ” თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები გამოკითხა. მათი შეფასებები არაერთგვაროვანია.
თათია კაკიაშვილი