LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მეწარმეობის წახალისების მიზნით კანონპროექტი მომზადდა

73

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა.

როგორც ,,ფორტუნას” ცენტრის ტრენერ კონსულტანტმა სალომე ხუციშვილმა განუცხადა, კანონპროექტი  პარლემენტში უკვე შეტანილია და საკომიტეტო მოსმენებს გადის.

,,საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა სოციალური მეწარმეობის შესახებ, ამიტომ ჩვენმა ექსპერტ-იურისტმა კანონპროექტი მოამზადა. გვინდა იურიდიულად განიმარტოს, რა არის სოციალური საწარმო და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა გაჩნდეს ამ ბიზნესს”, – განაცხადა სალომე ხუციშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი სოციალური საწარმოებისთვის რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათებს არ ითვალისწინებს და სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სოციალური საწარმო ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმოა, რომელსაც სოციალური მისია აქვს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოსაგან განსხვავებით, სოციალურ საწარმოს ორმაგი, ეკონომიკური და სოციალური მიზანი აქვს.

ყველა სოციალურ საწარმოს საკუთარი სამიზნე ჯგუფი ჰყავს და იქ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს ასაქმებს.

ამჟამად, საქართველოში 50-ზე მეტი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. მათ შორისაა კაფეები, სასათბურე მეურნეობები, ავტოსერვისი, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები და სხვა.

magti 5g