„წერილები ჩემი ბავშვობიდან“ – მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვობის სოფლის ცხოვრების დეტალებზე წერს.
როგორც მწერალი აღნიშნავს, სოფლის ყოველდღიურობის გარდაუვალი სცენები ამავდროულად სასიამოვნო ნაწილია.
„ქათმებისთვის სიმინდის დაყრის სცენა გინახავთ? უნდა იცოდეთ. საჭიროა, ექვსზე ადგე. ქათმებს უკვე ღვიძავთ და წრიალებენ. საქათმეს გააღებ და, თუ დგომის ტექნიკა არ გაქვთ შესწავლილი, სახეში შემოგაფრინდებიან. ისიც ოსტატობის საკითხია, სად უნდა დაყარო, რომ ერთად შეგროვდნენ და დათვალო. „ხომ არ მეიპარა ღამე რომელიმე რაცხა მოსასპობელმა“. ეს რაცხა მოსასპობელი ან სინდიოფალაა, ან ვირთხა, ან მეზობლის ძაღლი, ან შეიძლება, თვითონ რომელიმე მეზობელი.
ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ.
ღამით ძროხა რომ დაბრუნდება – და თუ არ დაბრუნდა, მოძებნით და დააბრუნებთ, – ბებიაჩემი ან მამაჩემი იღებს რძის ვედროს და მივყვები საძროხისკენ,რომელსაც სხვაგვარად ახორი ეწოდება. იქ ოსტატობა არ კმარა, საქმე დიდოსტატობას ითხოვს. ჯერ ერთი, საძროხეში ბნელა და თუ ანათებს, – მხოლოდ რძე. მეორეც ცურებს ხელი ისე უნდა მოუნაცვლო, ძროხა არ შეწუხდეს და წიხლით არ გამოხატოს ეგ წუხილი. ამიტომაც მე გარეთ ვდგავარ. მხოლოდ ჩხრიალის ხმა მესმის. და თუ მთვარეა, მთვარეს ვუყურებ და, ასე მგონია, მთვარე იწველება. დიდი, სავსე მთვარე.
გაუგებარი სიხარულით სავსე მთვარე.
ეს ორი სცენაა სოფელში გარდაუვალი. დაზეპირებული. დაზეპირებული, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სასიამოვნო. სოფელში სხვამ რა გსიამოვნებს ხოლმე – შეიძლება იდგე ჭიშკართან მოხურული ბუშლატით, ფეხებში შესული წყლით, გამოხრულ კბილში შესული ჭაჭით და ყრუ ტკივილით კბილის და ჭაჭის ყრუ სუნით პირში და კიდევ კარალიოკის სუნით და ღიმილით უყურებდე გზას, რომელიც არსაით მიდის და არც მასზე მოდის ვინმე“, – წერს გიორგი კეკელიძე.