LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ყოველ წელს ვამბობ, საზღვარგარეთ ხომ არ წავიდეთ დასასვენებლად-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც მარტვილში მოვდივართ… ამ ადგილს ვერ ველევით…“

3336
სოფო ბედია 111

სოფო ბედიამ ჯერ ქობულეთში დაისვენა სტუდიის ბავშვებთან ერთად, ახლა კი მარტვილს მიაშურა ოჯახის თანხლებით და დროს შესანიშნავად ატარებს მამისეულ სახლში.

სოფო ბედია: 

ვიყავი ჯერ ქობულეთში ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად, მერე წამოვედი მარტვილში ოჯახთან ერთად, სახლი მაქვს, მამისეული, სადაც ყოფნას ვაპირებ აგვისტოს ბოლომდე. აქედან ვმოძრაობ კონცერტებზე, ხან მესტაიში, ხან სენაკში, წაღვერში, ბორჯომში, აბაშაში. ვისვენებ ოჯახით, ერთად ვართ, თან, ჩემს საქმეს ვაკეთებ.

ეს არის ნამდვილი დასვენება სოფლად, რასაც ჰქვია, როცა ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს და არა მანქანების ხმა, გეუფლება სულიერი სიმშვიდე, ჩამოდის მდინარე, ვნახულობ ჩემი ბავშვობის მეგობრებს, ერთად ვიკრიბებით და კარგად ვერთობით.

ასეთი ინტენსიური რუჯი სად მიიღე?

ჯერ ზღვაზე, მერე მარტვილში. აქ მოწყობილი მაქვს პატარა აუზი ბავშვებისთვის, შეზლონგი. ზღვის რუჯს დავამატე მთის ნამზეური. ბოლო წლებია, არ ვიწვები. ნელ-ნელა ვიღებ რუჯს. სოლარიუმი არ მიყვარს, ცოტა მეშინია და არასდროს ვყოფილვარ. ერთადერთი სეზონია ზაფხული, როცა ნამზეურის მიღება შემიძლია და ვერ ვძღები. როცა კარგად შევიფერები, მერე შემიძლია დიდხანს ვიწვე და არ ვიწვები.

დასვენება მთაში თუ ზღვაზე?

ორივე მიყვარს, მაგრამ ზღვასთან უფრო აქტიური გართობა ასოცირდება ჩემთვის, მარტვილში – ოჯახური და მშვიდი. ვაბალანსებ. ხან ასე ვისვენებ, ხან ისე. ყოველ წელს ვცდილობ, ზღვაზეც ვიყო და შემდეგ მარტვილშიც წავიდე…

იფიქრებდი სოფლად გადასახლებაზე?

არა, სოფელი მარტო ზაფხულში მიყვარს, ზამთარში – ნაკლებად. ჩემი თბილისის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი, თუმცა არაჩვეულებრივია ჩემი მარტვილი, ურთიერთობები, რომლებიც ბავშვობიდან მომყვება, ძალიან ძვირფასია ეს კუთხე, მეგრელები უზომოდ მიყვარს, მიყვარს მარტვილი, სადაც ჩემი ფესვებია.

მიშასაც შენნაირად უყვარს მარტვილი?

ჩემს ქმარსაც ძალიან უყვარს, გიჟდება აქაურობაზე. ჩემზე მეტად ელოდება ზაფხულის მოსვლას, რომ აქ ამოვიდეს. დიდი სამეგობრო შეიძინა და მიშო ყველას ძალიან უყვარს.

საზღვარგარეთ დასვენებაზე არ გიფიქრია?

თუ მიწევს კონცერტი და გასტროლი, კი ბატონო. ყოველ წელს ვამბობ, საზღვარგარეთ ხომ არ წავიდეთ დასასვენებლად-მეთქი, მაგრამ მერე მაინც მარტვილში მოვდივართ, ეტყობა, ამ ადგილს ვერ ველევით.

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები