სოფო ბედიამ ახლახან საზოგადოებას ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი წარუდგინა. პრემიერა „გალერეა თბილისში“ კინოთეატრ „კავეას“ ერთ-ერთ დარბაზში შედგა. სოფოს კლიპის პრემიერაზე უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა.
თავად მასპინძელი არაჩვეულებრივ ფორმაში იყო და სტუმრებს პირადად ხვდებოდა. ფოტოების გადაღების შემდეგ სოფო შეკრებილ საზოგადოებას დარბაზში შეუძღვა და ვიდეორგოლი წარადგინა.

კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი, ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი, ანუ ბუდა. ვიდეორგოლის გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლში სოფო რამდენჯერმე იცვლის. ყველა კოსტიუმი, რომელიც მომღერალს კლიპსი აცვია, დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ შექმნა. რაც შეეხება სიმღერას, ის სოფოს დიდი ხნის მეგობარს, კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ტექსტი – თამარ უჯმაჯურიძეს, არანჟირება კი ცირა ბზიშვილმა გააკეთა. ყველა მათგანს მომღერალმა დიდი მადლობა გადაუხადა.
კლიპის ნახვის შემდეგ საზოგადოებამ აპლოდისმენტებით გამოხატა დადებითი დამოკიდებულება, რითაც მასპინძელი გააბედნიერა.

სოფო ბედია:
ეს არის ჩემი და ნესტან სინჯიკაშვილის პირველი თანამშრომლობა. საოცრად დავმეგობრდით და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი მისი ნიჭიერებით… სიმღერის სახელწოდებაა „შენი მჯერა“. კლიპი ბათუმში გადავიღეთ და მინდა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარის კულტურის მინისტრს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომელიც ძალიან დაემხმარა გადაღებებისას. საოცარი კადრები გადაიღო ნესტანმა, მეც თავისთავად ძალიან მოვინდომე. მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თავი და შემოქმედება საუკეთესოდ წარმოვაჩინო.
არასდრო ჩერდები, საიდან გაქვს ეს ჟინი?
ეს მეგრული ჟინია (იღიმის). ისიც, რომ პროფესია მიყვარს და ბავშვობიდან მშრომელი ვარ. ყველაზე მეტად იცი, რით ვამაყობ? ამ ყველაფერს ჩემი ძალიან დიდი, დაუღალავი შრომით მივაღწიე, მადლობა ღმერთს და ჩემს მშობლებს.

მიშა როგორ იყო ჩართული შენი კლიპის მზადების პროცესში?
მიშა რომ არ მყავდეს, რა ვიცი… გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ მეუღლეები, ვართ ძალიან კარგი მეგობრები. ის არის ჩემი შემოქმედების ძალიან დიდი გულშემატკივარი, რაც ჩემი პროფესიის ქალისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. პულსაციაზე ხელი უჭირავს და ჩემგან სულ წარმატებას ელოდება.

როგორ გამოხმაურებას ელოდები შენი შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან ახალ კლიპთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, ხედვა სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ძალიან ველოდები გამოხმაურებებს. კლასიკურ სტილში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ეს ჟანრი უფრო მეტად ჩემია. გულშიჩამწვდომი, მელოდიური სიმღერების შესრულება, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ გამომდის. იმედი მაქვს, მსმენელს მოეწონება ჩემი ახალი ნამუშევარი.
აჩიკო სოლოღაშვილი:
მოვისმინეთ არაჩვეულებრივი სიმღერა, ფანტასტიკურად ნამღერი. სოფოს გამორჩეული ხმა აქვს და ნამდვილად სახალხოა…
თიკა ფაცაცია:
მხეცი მომღერალია. ძალიან უხდება ეს სიმღერა, კლიპში ძალიან ლამაზია. ვულოცავ, ნამდვილად კარგი პროდუქტია.
ბაბი კირკიტაძე:
სიმღერა ძალიან გამორჩეულია, ემოციური და მელოდიური. სოფო ულამაზესი და თვალისმომჭრელია. მიხარია, რომ ასეთი ხარისხიანი ნამუშევარი შესთავაზა ერთგულ მსმენელს.
სოფო ბედიას ახალი კლიპის სატელევიზიო პრემიერა პარასკევს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ამბავში“ შედგება.
