კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის – „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეომასალის სახით ის აქტივობები წარუდგინეს, რაც კომპანიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გასული წლის განმავლობაში განახორციელა.
სოკარის CSR-ის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს“ გულისხმობს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- გარემოს დაცვა;
- ახალგაზრდების მხარდაჭერა;
- უსაფრთხოება;
- ქალთა გაძლიერება
- შშმ პირების უფლებების რეალიზაცია.
როგორც ანგარიშში იყო ნახსენები, გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანიამ არაერთი აქტივობა განახორციელა, მათ შორის როგორც დედაქალაქის ასევე რეგიონების მასშტაბით, რამდენიმე სკვერის, სარეკრეაციო ზონების განთავსება და მოწესრიგება.
სოკარი ზრუნავს ეკოლოგიაზე საწვავის ხარისხის კონტროლით. კომპანიას გააჩნია საკუთარი აკრედიტებული ლაბორატორია და სისტემატურად წმენდს რეზერვუარებს. კომპანიამ “გამწვანების” აქციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
წლის ანგარიშში მოხვდა ასევე, კომპანიის მიერ ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობა. პრეზენტაციაზე საუბარი იყო სპორტის მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე, განსაკუთრებით ეს ეხება ფეხბურთს და რაგბს.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც “სოკარი” წარმატებით ახორციელებს, ქალთა უფლებების მაქსიმალური დაცვაა. კომპანია ახორციელებს ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე, ასევე ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზეც. მიზანი სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრაა.
გარდა ამისა, კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ნაჩვენები იყო ვიდეოკლიპები, რომელიც გასულ წელს პოპულარული იყო საგზაო წესების დაცვის კუთხით.
წლის კიდევ ერთი მიმართულება კომპანიისთვის შშმ პირების ადაპტირების თემა იყო. ამ მხრივ, გასულ წელს “სოკარის” მხარდაჭერით გაიმართა რამდენიმე სპორტული ღონისძიება და ექსტრემალური ბანაკი. კომპანია წლების განმავლობაში აფინანსებს კათარზისს.
როგორც აღინიშნა, „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ.