რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ავიაკომპანიებმა ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ფრენებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყეს.
კერძოდ, 3 მაისს დაგეგმილია პირველი ავიარეისი, რომელსაც UVT AERO მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან, ხოლო 6 მაისს ავიაკომპანია Ikar-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან შეასრულებს.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ „როსავიაციამ“ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენისთვის ნებართვა გასცა iFly-სა და Nordstar-ისთვისაც, თუმცა როდიდან დაიწყებენ ეს ავიაკომპანიები რეისების შესრულებას, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ავიაკომპანია სანქცირებულია ევროკავშირის მიერ – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენების შესრულება აკრძალული აქვთ.
როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია უკანონოა, ხოლო ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც ამ აეროპორტიდან ფრენებს დაიწყებს, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სადამფუძნებლო ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებს დაარღვევს.
შეგახსენებთ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რუსეთიდან რეისებს ახორციელებენ რუსული ავიახაზები Red Wings და Azimuth, რომლებიც სანქცირებული კომპანიების სიაში არ შედიან.