კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში, სამედიცინო ნიღბებით სიარული სავალდებულო იქნება არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ყველა ღია საზოგადოებრივ ადგილას.
„გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ბავშვებზე. ასევე, ნიღბები შეიძლება არ გაიკეთონ ველოსიპედით სიარულის და ფიზიკური ვარჯიშის დროს“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ტიგრან ავინიანმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური საქმიანობისა და გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გამოყენება ჯერ არ იგეგმება.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, ბევრი მოქალაქე ნიღაბს მაშინ იკეთებს, როცა პოლიციას დაინახავს, შემდეგ კი იხსნის მას. ფაშინიანმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ ეპიდემიოლოგიური ნორმების დამრღვევთა ფოტოები და მიუთითონ მისამართები.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 524 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაიცვალა 170 ადამიანი, სამი ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
