სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, სომხეთში, „ქალებისთვის, საკუთარი ნების საფუძველზე, სავალდებულო ჯარის სისტემა“ დაინერგება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კანონპროექტი განსაზღვრავს ქალთა ნებაყოფლობით სამსახურში გაწვევის შესახებ განცხადების შეტანას, სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, სამსახურის ადგილის განსაზღვრას, სამსახურის დასრულების შემდეგ ჯილდოების მიღებას.
პაპიკიანის თქმით, გოგოების სავალდებულო სამსახურის ვადა 6 თვე იქნება:
„ქალი არ დაექვემდებარება გადავადებას და სამსახურის შეწყვეტას ოჯახური მიზეზების გამო, ხანმოკლე სამსახურებრივი ვადით. ამ გარემოებების არსებობა უნდა შემოწმდეს მათ სამსახურში გამოძახებამდე. გაწვევის მომენტამდე ქალებს უფლება ექნებათ უარი თქვან სამსახურზე“, – განმარტა მან.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამსახურის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია პრემიების გადახდა 1 მილიონი [2500 დოლარი] დრამის ოდენობით, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შეუძლიათ „სამშობლოს დამცველის“ პროგრამას მიმართონ და 5 წელი იმსახურონ.
აღნიშნულ კანონპროექტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქალი წარმომადგენლები სრულად იმსახურებენ და „ეს არ იქნება სამხედრო ნაწილის გავლა“.
სომხეთის მთავრობამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.