თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
თავად ბრალდებულმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ თანხის გადახდა მისთვის პრობლემას წარმოადგენს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვა. როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა ის, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა, ხოლო იმ მიზნით, რომ არ მიიმალოს და ამგვარად სასამართლოს თავი არ აარიდოს ან არ გაანადგუროს მტკიცებულებები, სამხარაძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარის მტკიცებით, სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული, ვინაიდან საქმე ეხება უკანონო ბრუნვის ნივთებს, რომელსაც ბრალდებული ინახავდა.
დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ალექსანდრე სამხარაძის მიმართ არცერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით, არ არსებობდა ასევე, ბრალდებულის მიმალვის, რაიმე მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალექსანდრე სამხარაძეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.