თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება – მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ – დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ?, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკომისრები მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას, “თუმცა ისინი ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოზე, რომელმაც ბოლო წლებში განიცადა ფართო პოლიტიკური არეულობა და შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლა”.
სუბარის შეფასებით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს.