LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული ბოიკოტი არჩევნებს – “ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს

166
123258232-652654798747728-6256296791995372622-n

„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთეს. დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბებაში პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები მუშაობდნენ. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული დარღვევების ფონზე, არ შეიძლება არჩევნები სამართლიანად ჩაითვალოს, ამიტომ “ევროპული საქართველოს” შეფასებით, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება არ ასახულა.

“ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში. ეს არ არის რიგითი პროტესტი ან რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ამიტომ ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. მე მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ შეფასებასა და პოზიციას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი უგულავას განცხადებით, პარტია მე-10 მოწვევის პარლამენტს სრულ ბოიკოტს უცხადებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავს “ქართულ ოცნებაში” შესვლას. უგულავა ითხოვს რიგგარეშე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას და ქვეყნისა და ხალხის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.

“ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი გადაწყვეტილება ბრიფინგზე გაახმოვანა ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მე მგონი, განხილვადაც აღარ ღირს, ძალიან მტკიცე, ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და ცხადია, არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას. ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა  მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი. ამ ხელისუფლების მიერ მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ რომ არ ვიღებთ ზოგადად, ამ თამაშის წესებს არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით. ამიტომ, ცხადია, მეორე ტური არ ჩატარდება“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობა, რადგან ერთპარტიული პარლამენტი ვერ იმუშავებს. პარტია რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “ევროპულმა საქართველომ“ ხმების 3.78%-ი მიიღო. ჯამში პარტიამ ახალი მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი მოიპოვა.

mazda magti 5g