LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულიად აპოლიტიკური პიროვნება ვარ და თუ ჩემს კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი მინდა ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები…” – დღეს გენპროკურორის პოზიციაზე 2 კანდიდატს მოუსმინეს

199
პროკურორობის კანდიდატები

დღეს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე 2 კანდიდატს: დავით ბარბაქაძეს და ვიქტორ ახალბედაშვილს გაესაუბრნენ.

ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ბარბაქაძის თქმით, საპროკურორო საბჭოსთან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაზეც საუბარი სურდა. ბარბაქაძის განცხადებით, მისი მოტივაციაა, რომ საქართველოში სათანადოდ უნდა იყოს დაცული ყველა ბრალდებულის უფლებები. მანვე განმარტა, რომ თუ მის კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი პოლიტიკისგან ძალიან შორს იქნება, რადგან თავად აპოლიტიკური ადამიანია.

„სრულიად აპოლიტიკური პიროვნება ვარ და თუ ჩემ კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი მინდა, ყველა იყოს დარწმუნებული, რომ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიქნები… ჩემი მოტივაცია არის ის, რომ ვფიქრობ, საქართველოში სათანადოდ უნდა იქნას დაცული ყველა ბრალდებულის უფლებები. პროკურატურის სწორი კოორდინაცია იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებენ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ბრალდების მხარე ყოველთვის აქცენტს აკეთებს დაზარალებულთა უფლების დაცვაზე, მაგრამ რაც შეეხება ბრალდებულის უფლებებს, ხშირია შემთხვევები, რომ ეს უფლებები ირღვევა. ყოველდღიურობაში ირღვევა უფლებები და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუ ჩემს თავს იხილავთ გენერალურ პროკურორის პოზიციაზე, ამაზე შემდგომ ვისაუბრებ” – განაცხადა დავით ბარბაქაძემ.

გენერალური პროკურორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვიქტორ ახალბედაშვილია. ახალბედაშვილმა უპასუხა „გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას კითხვას, რომელიც კანაფსა და მის პროდუქტებთან მიმართებით დავებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საჭიროებას შეეხებოდა. როგორც ახალბედაშვილმა აღნიშნა, ამ პროდუქტის მომხმარებლის სანქცირება შედეგის მომტანი გზა არაა:

„არ მგონია კრიმინალიზაცია ის გზა იყოს, რომელიც ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტს. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ამ პროდუქტის [კანაფი] მომხმარებლის არ მგონია ის გზა, რაც საბოლოო სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ამ პროდუქტის მომხმარებლის სანქცირება არამიზანშეწონილია და შედეგის მომტანი არაა. საზოგადოების თვითორგანიზება უნდა მოხდეს. თუ საზოგადოება თანხმდება და ვამბობთ, რომ ეს არ არის სასარგებლო, ცუდია და გარდა იმისა, რომ რაღაც მომენტში ვიღაცისთვის შვება და რელაქსი შეიძლება იყოს, შემდეგ გაცილებით უფრო ცუდ შედეგებამდე მიდის, გინდათ საზოგადოებაში, გინდაც ოჯახში, პროფესიული მიმართულებით განვითარებას უშლის ხელს, საზოგადოებამ ეს ნაწილი თვითორგანიზებით როგორღაც უნდა აალაგოს. ამ პროდუქტის კომერციალიზაციას, აღებ-მიცემობას ვერ დავეთანხმები… ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს, ამის ბიზნესად ქცევა არ იქნება მთლად მართებული. ვიღაცას უყვარს კაქტუსი, სახლში აქვს ქოთანში, ვიღაცას უყვარს ცერეცო და ამ გზით შეიძლება. შემოქმედებითად მიუდგება და შემოქმედებითაც მოიხმარს და არა იმ მიზნით, რომ საზოგადოებას რაიმე დაუშავდეს. თუ მომეცემა გენერალურ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა, აუცილებლად ძალიან კვალიფიციურად ვიფიქრებ ამ საკითხზე”- განაცხადა ვიქტორ ახალბედაშვილმა.

დეპუტატ, იაგო ხვიჩიას კითხვაზე, თუ მას, პირობითად, ვახტანგ მეგრელიშვილი „ჯოინთის“ შესთავაზებს, სამართალდამცავები დაიჭერენ თუ არა, გენერალური პროკურორობის კანდიდატის თქმით, ის მას ამ საქციელისთვის „დასაჭერად ვერ გაიმეტებს”.

„პირდაპირ გეტყვით, დასაჭერად ვერ გაგიმეტებთ, მაგ გადაცემისთვის, ნამდვილად… თუ თქვენი ამ უფლებით მე, თქვენ, თქვენი მეგობარი, ოჯახი, ახალგაზრდა არ ზიანდება, კი ბატონო უნდა იყოთ თქვენც ბედნიერი, ჩვენც, მაგრამ თუ თქვენი ეს გართობა ვიღაცისთვის იქნება დამაზიანებელი, იქნებ თქვენ იფიქროთ, რომ სხვანაირად გაერთოთ, ან ჩუმად”,- განაცხადა ახალბედაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურორის პოზიციაზე რამდენიმე პირია დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოზიცია ირაკლი შოთაძემ დატოვა.

magti 5g