LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტადიონზე მყოფები ყველანაირად ვეცდებით ფეხბურთელების გამხნევებას: დავით მუჯირი

88
123712512-360370535072122-6700678171935830622-n

როგორ ემზადება საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, როგორი განწყობაა გუნდში? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე “ფორტუნას”საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი პასუხობს.

 

ბატონო დავით, ქართველი გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის 12 ნოემბრის შეხვედრას, რომელზე დასწრებას გულშემატკივარი ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მინდა გკითხოთ – იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები იმართება, ფედერაცია ხომ არ ცდილობს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ამ საკითხზე დარჩენილ დროში?

ერთი თვის წინაც, როცა ბელარუსთან იყო თამაში, ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ყველა სტრუქტურასთან და ყველაზე მეტად ჩვენ გვსურდა მატჩზე მაყურებლის დასწრება. თუმცა ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩიც უმაყურებლოდ ჩაივლის. ჩვენ მზად ვიყავით სხვა სცენარისთვისაც, იმ შემთხვევისთვის, თუ იქნებოდა ნებართვა სტადიონზე მაყურებლის თუნდაც მცირე ნაწილის დაშვების. თუმცა, როგორც ხედავთ, შესაბამისმა უწყებამ გამოაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის.
როგორც მოგეხსენებათ, ფედერაციას ყოველთვის სურდა სტადიონზე გულშემატკივრის ყოფნა, რადგან ისინი ფეხბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვისაც, რომ შიდა ჩემპიონატი განგვეახლებინა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიდა ჩემპიონატის მატჩებს გულშემატკივარიც დასწრებოდა, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ისიც პოზიტიურ ამბად მიგვაჩნია,რომ ქვეყანაში საერთოდ დაშვებულია სპორტული შეჯიბრებების გამართვა და ასეთ მნიშვნელოვან მატჩს “დინამო არენაზე” ვუმასპინძლებთ.
როგორც იცით, სპორტულ ღონიძიებებზე დასწრება მხოლოდ 200 ადამიანს შეუძლია, მათ შორის კი რასაკვირველია არიან საფეხბურთო ჩინოვნიკები, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბების წარმომადგენლები, აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
სამწუხაროა, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც სტადიონზე იქნება მატჩის მსვლელობისას, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ნაკრებმა იგრძნოს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერა, როგორც ეს ბელარუსთან მატჩზე მოხდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ფეხბურთელებს ისტორიის დაწერაში დავეხმაროთ.

როგორ შეაფასებთ ჩვენს შანსებს და გუნდში არსებულ ვითარებას. უკვე ცნობილია, რომ ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისათვის მზადების პროცესზე, გუნდში არსებულ განწყობაზე, მოლოდინებსა და დანაკლისზეც…

ჯერჯერობით ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი საქართველოში არ არის, მათი ნაწილი კლუბებშია. საქართველოში ჩამოსვლას ჩვენი ლეგიონერები თანდათან დაიწყებენ, 9 ნოემბრიდან კი შეკრება დაიწყება. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ფეხბურთელები რაც შეიძლება ნაკლებად დაიღალონ. ამ სანაკრებო ფანჯარაზე მატჩებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე რჩება, მატჩი ხუთშაბათ დღესაა, ასე რომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფეხბურთელები რაც შეიძლება ნაკლებად დაიღალონ გზაში, პირველივე დღესვე კი ვარჯიში შეძლონ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ორშაბათს საღამოს გუნდის ძირითადმა ნაწილმა მაინც ივარჯიშოს.
მინდა ბიჭებს წარმატება და ჯანმრთელობა ვუსურვო. იმედია არავის მოვისაკლისებთ და ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით მაკედონიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩს.

რასაკვირველია ერთა ლიგის დარჩენილი ორი შეხვედრა საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის ჩრდილშია, თუმცა ეს მატჩებიც ვახსენოთ… მინდა გკითხოთ ასევე ბათუმის ახალ სტადიონზეც, სადაც ამ მატჩების ჩატარება გსურდათ, თუმცა საბოლოოდ არ გამოვიდა. რამ შეუშალა ხელი მატჩების ბათუმში გამართვას?

მაკედონიასთან მატჩის შემდეგ ამ ორი შეხვედრისათვის მზადების პროცესი ძალიან მოკლე იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის პატარა ინტერვალებია.
ჩვენი სურვილი იყო, რომ შეხვედრები ბათუმის ახალ სტადიონზე გაგვემართა და უეფას რეგულაციების მიხედვით, 120 დღით ადრე მატჩებამდე მივუთითეთ კიდეც ბათუმის სტადიონი მატჩების მასპინძლად. ჩვენ სექტემბერში სხვა სცენარისთვის ვემზადებოდით, გვეგონა, რომ მატჩებზე დასწრების უფლება მაყურებელთა რაღაც ოდენობას ექნებოდა, თუმცა დღეისათვის არსებული მოცემულობით შეხვედრების თბილისში ჩატარება გვიწევს. თუმცა მსურს ბათუმელ გულშემატკივარს დავპირდე, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე მომავალში აუცილებლად გაიმართება ეროვნული ნაკრების არაერთი მატჩი.

მოდი, დადებით ნოტაზე დავასრულოთ და ქალთა გუნდის, “ლანჩხუთის” წარმატებაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა…

ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, “ლანჩხუთი” პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გავიდა. ნოემბერი წარმატებულად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები