,,სტარტაპ საქართველოს’’ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ტრენინგები იწყება.
როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროდან აცნობეს, მაღალკვალიფიციური 5 ტრენერი „სილიკონ ველიდან“ ქართველ სტარტაპებს მოამზადებს იმისთვის, რომ მათ სრულყოფილად შეძლონ საკუთარი ბიზნესიდეისა და პრეზენტაციების წარდგენა უკვე ვენჩურული ინვესტორების წინაშე – 24-დან 26 აგვისტოს ჩათვლით.
სილიკონ ველის ექსპერტები ,,სტარტაპ საქართველოს’’ ფინალისტებს დაეხმარებიან პროექტების სტრუქტურის დახვეწაში, ასევე მოამზადებენ გუნდებს ფიჩინგსა და პრეზენტაციებში.
ტრენინგი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვევა, ტექნოპარკში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.