საქართველოს მთავრობა სტარსტაპების დაფინანსებას იწყებს. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი MDI & Associates -ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ივანოვსკის (Mark Iwanowski) შეხვდა.
შეხვედრას მთავარი თემა, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ესწრებოდა, საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობა იყო. მარკ ივანოვსკი არის ვენჩურ-ინვესტორი სილიკონის ველიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას სტარტაპების პროგრამის გამართვაში დაეხმარება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში სტარტაპების ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირება იწყება.
პროექტი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და მოხდება კონკრეტული სტარტაპების დაფინანსება, რათა შემდგომ ისინი მზად იყვნენ გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. მათ შორის მოხდება სილიკონის ველზე გლობალური ვენჩურ-ინვესტორებისთვის პროექტების წარდგენა.
ინფორმაციისთვის: მარკ ივანოვსკი არის გლობალური მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ევანგელისტი, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო სივრცეში. ივანოვსკი იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში, მათ შორის: Oracle, Honeywell, Raytheon და SAIC.
მარკ ივანოვსკი პარტნიორი პოლონეთში ,,ზრდის ფონდის’’ Growth Fund III. მანამდე იყო მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს Global IT for Oracle Corporation – ის ვიცე პრეზიდენტი. ის სათავეში ედგა Oracle’s- ის IT სისტემების მართვას 150-ზე მეტ ქვეყანაში.